მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თებერვალში 5000 ლარამდე მიკროსესხების გაცემა 132,965,473 ლარით ანუ 26%-ით დაეცა

5c98ee153b607
შოთა ტყეშელაშვილი
25.03.19 20:00
1782
პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემამ საქართველოს საბანკო სექტორზე უკვე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის თებერვალში ლარში ნომინირებული მიკროსესხების გაცემა მკვეთრად არის დაცემული.

2019 წლის თებერვალში სულ 370,974,000 ლარის მოცულობის 5000 ლარამდე ღირებულების სესხები გაიცა, რაც 2018 წლის თებერვალში არსებულ 503,939,473
ლართან შედარებით 132,965,473 ლარით ანუ 26.4%-ით ნაკლებია.

რაოდენობრივად თებერვალში სულ ამ კატეგორიის 710,421 ერთეული სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა, რაც 2018 წლის თებერვალთან შედარებით 29%-ით ნაკლებია.

2019 წლის იანვარში კი, ლარის მიკროსესხების ვარდნამ 118,853,962 ლარი შეადგინა.

20 მარტს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საბანკო რეგულაციები შესაძლოა შერბილდეს.

“ბუნებრივია, დაკრედიტების მოცულობა სამომხმარებლო ნაწილში შემცირდება და ეს ლოგიკურია,”- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.




რაც შეეხება უფრო დიდი მოცულობის ლარის სესხებს, ამ პორტფელში ზრდა შეიმჩნევა. თებერვალში 5000 ლარს ზემოთ სესხების კატეგორიაში 1,056,997,000 ლარის მოცულობის სესხები გაიცა, რაც 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით 137,764,000 ლარით მეტია.

შესაბამისად, საბანკო რეგულაციების გავლენა გაცილებით დიდია ყველაზე მცირე მოცულობის სესხებზე, რომელთაც მოსახლეობის ფართო ფენა იღებს.

საბანკო რეგულაციების ძირითადი პაკეტი 2019 წლის პირველ იანვარს ამოქმედდა.

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მოდელის შედეგად, ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთებზე ერთიანი - 50%-იანი ჭერი დაწესდა, დადგინდა ფიზიკური პირის შემოსავლიანობის დადასტურების ვალდებულება და განისაზღვრა საშემოსავლო კატეგორიები, რომელთა დაკმაყოფილებაც ყველა საკრედიტო დაწესებულებას ევალება.

ამასთანავე, განისაზღვრა ერთიანი ჭერი იმაზე, თუ რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ამა თუ იმ ტიპის სესხი, მაგალითად, იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად - 15 წელი, სატრანსპორტო სესხის ვადად - 6 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის ვადად - 10 წელი, ხოლო სხვა ნებისმიერი ტიპის სესხის მაქსიმალურ ვადად კი, 4 წელი განისაზღვრა.

2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებული ნორმით კი, თითოეული მოქალაქისთვის დაწესდა ის ჰიპოთეტური ჭერი, რაც მან სესხის სახით შეიძლება აიღოს.

მაგალითად, თუ თქვენი შემოსავალია თვეში 2000 ლარი, თქვენ არ შეგიძლიათ აიღოთ სესხი, რომლის მომსახურებაც თვიურად 900 ლარს აჭარბებს.

4 საშემოსავლო კატეგორია და მათთვის განსაზღვრული ჭერი ასეთია:

1) თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 35%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 350 ლარს);

2) თვეში 1000-2000 ლარამდე, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 45%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 900 ლარს);

3) თვეში 2000-4000 ლარამდე, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 55%- (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 2200 ლარს);

4) თვეში 4000 ლარზე მეტი, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც, თქვენი შემოსავლის 60%-ს არ აღემატება.

ადამიანები, რომლებიც ამ ციფრების უკან დგანან

საბანკო რეგულაციებმა ყველაზე მეტად სესხებთან წვდომა შედარებით დაბალშემოსავლიან და თვითდასაქმებულ პირებს გაურთულა, რამაც უკვე ხელშესახები გავლენა იქონია ქვეყნის სამომხმარებლო ბაზარზე. დაეცა საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ავეჯის და სხვა პროდუქტების გაყიდვები. ამის მიზეზია ის, რომ ამ პროდუქტებზე მოთხოვნას ხელს სწორედ საგანვადებო სესხები უწყობდნენ, მათ გარეშე კი, გაყიდვები შემცირდა.