მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ტაქსის სერვისების მოსაწესრიგებლად, სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

56aa16be86add
BM.GE
28.01.16 17:24
1369
თბილისის მერიაში ტაქსის სერვისის მიმწოდებელ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი გურგენიძე, ასევე, საკრებულოს დეპუტატები და აღნიშნული სფეროს სპეციალისტებიც ესწრებოდნენ.
 
როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, საუბარი შეეხო ტაქსის მომსახურების სფეროში არსებულ ვითარებასა და პრობლემებს. თბილისის მერიის წარმომადგენლებმა კომპანიების წარმომადგენლებს თავიანთი წინადადებები გააცნეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, თბილისში დაახლოებით 40 000 ტაქსი მოძრაობს, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა აღრიცხული არ არის, ასევე არ არსებობს ინფორმაცია ტაქსის მძღოლების შესახებ, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისით ქმნის გარკვეულ პრობლემებს.

"ყველანი ვთანხმდებით, რომ მდგომარეობა არ არის სახარბიელო. ეს სფერო მოსაწესრიგებელია მაგალითად, უსაფრთხოების მიმართულებით. გვინდა შევიმუშავოთ ისეთი სქემა, რომელიც მინიმალური ჩარევით, ეტაპობრივად, გარკვეულ რეგულაციაში მოაქცევს ამ საკითხს“, - განაცხადა ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ.

"შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ტაქსის მძღოლებისათვის აღნიშნული საქმიანობა ხშირად შემოსავლის მთავარ წყაროს წარმოადგენს და შესაბამისად, საკითხის გარკვეულ რეგულაციაში მოქცევისას, მათი ინტერესები მაქსიმალურად უნდა იქნას გათვალისწინებული”, - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, შეიქმნება ჯგუფი და მომზადდება სამუშაო დოკუმენტი, რომელიც მოაწესრიგებს აღნიშნულ საკითხს.
„ძირითადი პრობლემა არის ის,რომ არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი ტიპის მანქანები მოძრაობს, ვინ არიან მძღოლები და როგორია მათი მდგომარეობა. შესაბამისად, განვიხილეთ მექანიზმები თუ როგორ შეიძლება აღრიცხვიანობისა და რეგისტრაციის პროცედურის განხორციელება ისე, რომ ეს არ იყოს დაკავშირებული რაიმე დანახარჯებთან და არ დაზარალდეს არცერთი მხარე. ჩვენი მიზანია, რომ ამ სფეროში არსებული ქაოსი მოწესრიგდეს და უსაფრთხოების ნაწილი იყოს პრიორიტეტული", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.