მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ტაქსების პარკირების ადგილების დახაზვა დაიწყო

5bc894dfc8a2d
BM.GE
18.10.18 18:12
865
დედაქალაქში, 9 მისამართზე ტაქსების პარკირების ადგილები დაიხაზა. ყვითელ ფერში  შესრულებული მონიშვნები გაკეთდა რუსთაველის გამზირზე, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“; ქავთარაძის ქ. N44-თან; ვაჟა ფშაველას გამზირის N41 და N71-თან; ყაზბეგის გამზირის N12-თან; იონა ვაკელის ქუჩაზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ; წინანდლის ქუჩაზე, პირველი კლინიკური საავადმყოფოს მიმდებარედ; პაიჭაძისა და მიქელაძის ქუჩების გადაკვეთაზე და ლუბლიანას ქ. N21ა-სთან.

თბილისის მერიამ ტაქსების უფასო პარკირებისთვის, დედაქალაქის მასშტაბით, 274 ადგილზე გათვლილი 86 ლოკაცია შეარჩია. მათი განლაგების სქემის ხილვა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე http://maps.tbilisi.gov.ge.

„თბილისის პარკინგი“ გამოყოფილ ყველა წერტილში დახაზვის პროცესს უახლოეს ხანებში დაასრულებს. პარკირების ადგილებზე განთავსდება საგზაო ნიშნებიც ქართული და ლათინური წარწერებით.

ტაქსებისთვის საპარკინგე ადგილები ძირითადად იმ უბნებში გამოიყო, სადაც ავტომანქანის გაჩერება სირთულეს წარმოადგენს. პრიორიტეტულად განისაზღვრა ადგილები:

• ტაქსების დგომის წერტილებში;
• საავადმყოფოებთან;
• მეტროსადგურებთან და ავტობუსების გაჩერებების სიახლოვეს;
• სავაჭრო ცენტრებთან;
• სასტუმროებთან.
გასათვალისწინებელია, რომ ტაქსებისთვის ეს სისტემა თბილისის მთავრობის მიერ პარკირების სფეროს რეფორმისა და გარკვეულ უბნებში ზონალური პარკირების შემოღების შემდგომაც შენარჩუნდება.

ტაქსებისთვის საპარკინგე ადგილების შერჩევისა და დამატების საკითხზე მუშაობა გრძელდება. ტრანსპორტის საქალაქო სამსახური მზად არის, რომ ამ სფეროში ჩართული პირებისა და მგზავრების მოსაზრებები გაითვალისწინოს. მოქალაქეებს მოცემულ საკითხზე იდეები შეუძლიათ დააფიქსირონ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/TransportServiceofTbilisiCityHall/