მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში გარე განათების არსებული სისტემა LED განათებით შეიცვლება

5c4824efeea1e
თამუნა დემეტრაშვილი
23.01.19 12:23
1436
დედაქალაქში გარე განათების სისტემის ჩანაცვლების სტანდარტი და პროექტი შეიქმნება.

დედაქალაქის მერია თბილისში გარე განათების სისტემის ჩანაცვლების სტანდარტსა და პროექტის შექმნის საკითხს განიხილავს, რომლის ფარგლებშიც, არსებული გარე განათებები ჩანაცვლდება.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ყველა ქუჩა შესაბამისად უნდა განათდეს, შეიქმნას გარე განათების სტანდარტი, რაც დღეს დაცული არ არის.

„მინდა შევეხო გარე განათების სისტემის ჩანაცვლების სტანდარტისა და პროექტის შექმნის საკითხს. დღეს, თბილისში ქუჩების სტანდარტი არ არის დაცული და ყველა ქუჩა სხვადასხვანაირად არის განათებული. რა თქმა უნდა, ყველა ქუჩა ერთნაირად არ უნდა იყოს განათებული. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ტიპის ქუჩა, ცენტრალური მაგისტრალები, საუბნო ქუჩები, შესაბამისად, საჭიროა, რომ პროექტის ფარგლებში, ყველა ქუჩას შესაბამისი განათება ჰქონდეს. საუბარი მაქვს ახალ, თანამედროვე LED ტიპის განათების სისტემაზე, რომელიც ეკონომიურობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, თავდაპირველად, ტენდერი გარე განათების სტანდარტის პროექტირებაზე, შემდეგ კი, გარე განათების არსებული სისტემის ჩანაცვლებაზე გამოცხადდება.
„ეს სტანდარტი იქნება კომფორტული ქვეითებისთვის, მოსახლეობისთვის, გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის და მგონია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ კონცეფცია უკვე შემუშავებული გვაქვს. „თბილსერვის ჯგუფს“ დაევალება, გამოაცხადოს ტენდერი პროექტთან დაკავშირებით. როდესაც უკვე პროექტი მომზადდება, გარე განათებების LED სანათებით ჩანაცვლებაზე კონკურსს გამოვაცხადებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი კომპანია იქნება დაინტერესებული, რომ ეს ცვლილება მთელი ქალაქის მასშტაბით განხორციელდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, გარე განათების სისტემის ჩანაცვლებას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია, რადგანაც აღნიშნული მიმართულება ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება მოყვანილი.