მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ესტაკადის მშენებლობით დანაშაულში ეჭვმიტანილი რუსული კომპანია დაინტერესდა

5a7d6f0a5e1b2
თამუნა დემეტრაშვილი
09.02.18 13:48
5492
მარშალ გელოვანისა და სარაჯიშვილის კვეთაზე ესტაკადის მშენებლობით რუსული კომპანია "ნიკარემსტორი" დაინტერესდა. აღნიშნული კომპანია ერთადერთია, რომელმაც თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში საკუთარი წინადადება წარადგინა. კომპანია ესტაკადის მშენებლობას მერიას 4 მილიონ ლარად სთავაზობს, - 300 ათასი ლარით ნაკლებად, ვიდრე მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ პირობებში იყო მითითებული.

"ნიკარემსტროის“ ფილიალი საქართველოში 2016 წელსაა რეგისტრირებული, სათაო ოფისი კი რუსეთში მდებარეობს. კომპანიას რეესტრის მონაცემებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მალხაზ ლომსაძე ხელმძღვანელობს.

აღსანიშნავია, რომ შპს "ნიკარემსტროის საქართველოს ფილიალი" და მისი დირექტორი, გასული წლის ზაფხულში სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმეში ფიგურირებდა.

კერძოდ, თიანეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად ,,ნიკარემსტროის“ დირექტორიც დააკავეს. საქმე ეხებოდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოებს. გამოძიების ინფორმაციით, სამუშაოები არასრულყოფილად შესრულდა, მიუხედავად ამისა მუნიციპალიტეტმა კომპანიას თანხა სრულად ჩაურიცხა. საქმე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობაში დახმარებისა და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე აღიძრა.