მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის უბნები, სადაც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია

59e2f65a338c2
BM.GE
15.10.17 11:00
12180
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ატმოსფეროს ინდიკატორული გაზომვების მეცხრე ეტაპი ჩაატარა, - მიღებულ შედეგებზე გადაცემაში ’’საქმიანი დილა“ გარემოს ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე თამარ ბაგრატია საუბრობს.

-ქალბატონო თამარ, როგორია ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ბოლო შედეგები?

-სანამ არასასიამოვნო ინფორმაციაზე გადავალ, კარგ ამბავს გეტყვით, ჩვენი და თბილისის მერიის დახმარებით და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ატმოსფერული კვლევების საერთაშორისო სტანდარტების SMART AtmoSim ლაბორატორია გაიხსნა. ლაბორატორია იულიხის (გერმანია) კვლევითი ცენტრის ენერგიებისა და კლიმატის ინსტიტუტის ტროპოსფეროს (FZJ IEK-8) ლაბორატორიის და თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომლობის საფუძველზე გაიხსნა. ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას ვგეგმავთ აღნიშნულ ლაბორატორიასთან, რადგან ლაბორატორიაში შექმნილი პროდუქტები ბუნებრივია, გარემოს ეროვნულ სააგენტოს დაეხმარება შემდგომ საქმიანობაში. ჩვენ ძირითადად აქცენტი ახალ ტექნოლოგიებზე და ახალი მოდელების დანერგვაზე გვაქვს და სწორედ ამ პროდუქტებს ველით უნივერსიტეტთან ერთობლივი მუშაობიდან. რაც მთავარია, მოლოდინი გვაქვს, რომ სტუდენტების მხრიდან დაინტერესება დიდი იქნება. ლაბორატორია ნამდვილად იძლევა ამის კომფორტს. ლაბორატორია განთავსებულია თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში. უნივერსიტეტის ინიციატივას გერმანული მხარე დაეხმარა და ჩვენთან ერთად, თბილისის მერიასაც გარკვეული წვლილი აქვს ლაბორატორიის დაარსებაში, რომელთანაც შემდგომი ხუთწლიანი თანამშრომლობის გეგმა გვაქვს გაწერილი.

-კონკრეტული პროდუქტები, რაც ბრძანეთ, რა იქნება, რასაც თქვენი სააგენტო ლაბორატორიიდან მიიღებს?

-გარდა იმისა, რომ ჩვენ ახალ კვლევებს დავიწყებთ, რომელსაც დღეს გარემოს ეროვნული სააგენტო არ აკეთებს ლაბორატორიასთან ერთად და მაგალითად, პირველი ეს იქნება მტვერში ტყვიის შემცველობის კვლევა. დღეს მაგალითად, ვიცით, რომ ჰაერში ტყვია არ არის, ნორმაზე დაბალია, მაგრამ სიახლეს დავიწყებთ ქალაქში ჰაერში არსებულ ტყვიის კვლევას დავიწყებთ, რომელიც ბუნებრივია, მნიშვნელოვანია. არის გარკვეული ახალი ნივთიერებები, რომელიც შესწავლილი იქნება და ჩვენი დიდი ინტერესია მოდელების დანერგვა ჰაერის დაბინძურების პროგნოზირებისათვის. გარდა ტექნოლოგიებისა, ეს არის მეთოდოლოგია, გამოცდილება, რაც ჩვენს ქვეყანაში აბსოლუტური სიახლეა და შესაბამისად კარგი გამოცდილება ჭირდება და გერმანული მხარე ამ შემთხვევაში ის მთავარი ინსტრუმენტი და საყრდენია, რომელიც ჩვენ ამ მნიშვნელოვანი, წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების საშუალებას მოგვცემს.

-აღნიშნული ლაბორატორიიდან პირველ შედეგებს როდის ელოდებით?

-ერთობლივ კვლევას ძალიან მალე დავიწყებთ და ეს ხანგრძლივი პერიოდი არ იქნება, რა თქმა უნდა. როგორც კი შედეგებს მივიღებთ მედიას მონაცემებს წარვუდგენთ. ატმოსფეროს დაბინძურების კუთხით ჩატარებულ ეტაპს რაც შეეხება, ხელთ მაქვს ინდიკატორული გაზომვები. თბილისში ერთი წელი გავიდა, რაც იაპონური სადგურები დაიდგა და ეს პერიოდი უფრო გარკვეული შინაარსის ანალიზის საშუალებას იძლევა. ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვან მონაცემს მოგიყვანთ. ეს სადგურები განთავსებულია წერეთლის გამზირზე, ყაზბეგის გამზირზე და ვარკეთილში. საინტერესოა რა მონაცემები მოგვცა ერთმა წელმა. ყურადღებას ყველაზე პრობლემურ ნივთიერებაზე გავამახვილებ, ეს არის მტვერი, მყარი შეწონილი ნაწილაკია, რომელიც ორი სახის არის PM10 და PM2,5. წერეთლის გამზირზე მთელი წლის განმავლობაში 365 დღიდან 195 დღე მტვრის შემცველობა ჰაერში სრულად დასაშვებ ნორმას აღემატებოდა. ყაზბეგის გამზირს რაც შეეხება, აქ დაახლოებით 58 დღის განმავლობაში აღემატებოდა ზღვრულად დასაშვებ ნორმას, ხოლო ვარკეთილში 54 დღის მანძილზე აღემატებოდა. მეორე მნიშვნელოვანი მონაცემი ერთჯერადი გადაჭარბების მაჩვენებელია. ერთჯერადი კონცენტრაციის გადაჭარბების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ისევ და ისევ წერეთელზე დაფიქსირდა და 3,6-ჯერ აღემატებოდა ნორმას, ხოლო საშუალოდ მთელი წლის განმავლობაში მტვრის შემცველობა ჰაერში წერეთლის გამზირზე დასაშვებ ნორმას 1,5-ჯერ აღემატებოდა. ყაზბეგის გამზირზეც დაფიქსირდა შემთხვევამ, როდესაც 3,6-ჯერ აღემატებოდა ნორმას და ორივე შემთხვევა ნოემბერში დაფიქსირდა. ვარკეთილს რაც შეეხება, იქ 2,6-ჯერ აღემატებოდა ყველაზე მაღალი ნორმა. კონკრეტული 100%-იანი პასუხის გაცემა ამ შემთხვევაში ძალიან რთულია, თუმცა სტატისტიკას თუ გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ სექტემბერში ჩვენ პიკი გვაქვს და საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აზოტის დიოქსიდის დაბინძურების. თუ ჩვენ უკვე ცხრა ეტაპი ჩავატარეთ ინდიკატორული გაზომვების და ცხრავე ეტაპს შევაჯამებთ, შემიძლია გითხრათ, რომ ამ ცხრა ეტაპის განმავლობაში 6% იყო მაღალი დაბინძურება აზოტის დიოქსიდის. 70% იყო საშუალო დაბინძურება და დაახლოებით 24% გამოდის დაბალი დაბინძურება. ბოლო ინდიკატორების გაზომვების დროს, ჩვენ წინა კვლევის დროს არ გვქონია ასეთი შემთხვევა რამდენიმე მაღალი დაბინძურების მაჩვენებელი დაფიქსირდა.

-ინფორმაცია თუ გაქვთ რა გარემო-პირობები მოქმედებს ამაზე და მაგალითად, სექტემბერში რომელი ადგილები იყო ამის გამომწვევი?

-რა თქმა უნდა, თვალყურს ვადევნებთ და ახალი სადგურები უკვე სხვადასხვა მეტეოროლოგიური მოვლენების, ტემპერატურის, ქარის სიჩქარის და სხვადასხვა მონაცემების დაფიქსირების საშუალებას იძლევა. სექტემბერში და წინა თვეების განმავლობაში ეს არა ერთხელ მითქვამს და ჩვენ მა არა ერთმა კვლევამაც დაადასტურა და პირდაპირი კორელაცია გვაჩვენა ავტომობილების რაოდენობის და აზოტის დიოქსიდის დაბინძურების. ბუნებრივია, ეს მაღალი მაჩვენებლები ისევ და ისევ ავტომობილების დიდი ნაკადებით არის გამოწვეული საზაფხულო დასვენების სეზონის შემდეგ, როდესაც ავტომობილების რაოდენობამ მოიმატა. შესაბამისად, ამან გამოიწვია ის, რომ ქალაქში მოძრაობა უფრო ინტენსიური გახდა. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ დღეს ქალაქ თბილისში ჰაერის დაბინძურების უმთავრესი წყარო სატრანსპორტო მოძრაობა და ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილებია. თუმცა, სხვა მაგალითებიც მოყავთ, მშენებლობებზე საუბრობენ, რომელიც მტვრის გაფრქვევის მნიშვნელოვანი წყაროა, რადგან არც ერთი მშენებლობა სტანდარტებს არ ექვემდებარება შეფუთული არ არის და პირდაპირ აფრქვევენ, ასევე დასახელებულია მოუწესრიგებელი გზები და ა.შ.

-სექტემბრის მონაცემებით, რომელი ადგილებია ყველაზე დაბინძურებული?

-სამწუხაროდ, ყველაზე მაღალი დაბინძურების მაჩვენებელი კვლავ მელიქიშვილის ქუჩაზე ფიქსირდება. ეს არის ყველაზე მაღალი ინდექსი 111 კილოგრამი მეტრ კუბში, რაც დედაქალაქში დაფიქსირდა აზოტის დიოქსიდის ოდენობაში. შემდეგ მოდის ავლაბრის მოედანი. თუ წინა კვლევების დროს ორი წერტილი იქნებოდა ხოლმე მაღალი, ახლა ხუთი წერტილია ასეთი, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამ ინდიკატორული გაზომვების ლოკაციებს მუდმივად ვცვლით, რადგან გვინდა უფრო ცხელ წერტილებამდე მივიდეთ. შესაბამისად, შემდგომში შესაძლოა უფრო მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდეს და არა იმიტომ, რომ დაბინძურების კატასტროფული ზრდა გვაქვს, არამედ ჩვენ უფრო სწორად ვარჩევთ ლოკაციებს, რადგან უკვე გამოცდილება გვაქვს. მაღალი მაჩვენებელია პირველ საშუალო სკოლასთან, ასევე ტაშკენტის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას გადაკვეთაზე. ყველაზე დაბალი მაჩვენებელია გლდანის პირველი მიკრორაიონი, მზიურის პარკის ტერიტორია, ბენდელიანის ქუჩა და ლიბანის ქუჩა. ასევე აღსანიშნავია და ამ ინფორმაციას პირველად ვაჟღერებ საქართველოში აღნიშნულ ინფორმაციას, რომ სწორედ ერთი წელი იყო საჭირო იმისათვის, რომ მტვრის მცირე ნაწილაკები PM2,5 გაგვეზომა, რომელიც ორგანიზმისთვის უფრო საშიში და ადვილად შეღწევადია და უფრო მეტად შეიძლება სხვადასხვა დაავადებების პროვოცირება გააკეთოს, ვიდრე PM10-მა და გეტყვით, რომ წერეთლის გამზირზე იგი ოდნავ მეტი დაფიქსირდა, ვიდრე ზღვრულად დასაშვები ნორმაა, ხოლო ყაზბეგის გამზირზე და ვარკეთილში ნორმას სრულად შეესაბამებოდა. ჩვენ ასევე ვზომავთ მიწისპირა ოზონს, ბენზოლს, გოგირდის დიოქსიდს და ეს მონაცემები აბსოლუტურად საშუალო ან დაბალი მონაცემების ფარგლებში იყო. რომ შევაჯამოთ, ქალაქ თბილისში, ისევე, როგორც სხვა დიდ ქალაქებში რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ძირითადი დამაბინძურებელი მყარი შეწონილი ნაწილაკებია, ანუ მტვერი და აზოტის დიოქსიდი. თუმცა ერთ შემთხვევაში მელიქიშვილი-პეტრიაშვილის გადაკვეთაზე ბენზოლის დიდი მაჩვენებელიც გვქონდა. მნიშვნელოვანი სიახლე მინდა აღვნიშნო დაახლოებით ორ თვეში გარემოს ეროვნულ სააგენტოს სრულიად ახალი მოდერნიზებული ჰაერის მონიტორინგის მოძრავი სადგურ ექნება, ანუ თუ დღეს ჩვენ ეს სადგურები დამონტაჟებული გვაქვს წერეთლის გამზირზე და ვერ მას ვერ გადავაადგილებთ, აღნიშნული სადგური ლოკაციის შეცვლის საშუალებას იძლევა, რომ მთელ საქართველოში ვიაროთ და უფრო ზუსტი მონაცემები გვქონდეს.