მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის შემოვლითი რკინიგზის აშენებული მონაკვეთი შესაძლოა, საავტომობილო გახდეს

5978305144d40
დავით ჯალაღონია
26.07.17 09:58
1461
თბილისის შემოვლითი რკინიგზის აშენებულ მონაკვეთს შესაძლოა, მხოლოდ საავტომობილი გზის ფუნქცია ჰქონდეს. როგორც "საქმის კურსს" თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ავტორი კომპანიის „სიტი ინსტიტუტი - საქართველოს“ დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ განუცხადა, ეს არის ერთ-ერთი გზა, რომელსაც ქალაქის მერიასთან ერთად გენერალური გეგმის ჯგუფი განიხილავს, რადგან შემოვლითი რკინიგზის პროექტში ცვლილებები შედის.

"ჩვენ და ქალაქი ერთად ვიფიქრებთ, თუ როგორ შეიძლება გამოყენება იმ ტერიტორიის, რომელიც ალტერნატიული რკინიგზის ხაზად განიხილებოდა. საბოლოო გადაწყვეტილება მოკლე პერიოდში იქნება მიღებული, მაგრამ რაც გაკეთებულია, ის რაღაცნაირად უნდა გამოვიყენოთ და არ უნდა ითქვას, რომ ეს წყალში გადაყრილი ფულია. შეიძლება, ეს იყოს საავტომობილო გზა, ორი პუნქტის დამაკავშირებელი, თუმცა არ მინდა წინ გავუსწროთ მოვლენებს", - განაცხადა სალუქვაძემ.
რაც შეეხება თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტს, სალუქვაძის ინფორმაციით, „საქართველოს რკინიგზა“ კიდევ მუშაობს პროექტის რამდენიმე ალტერნატიულ ვარიანტზე, რომელთა შორის სამგორსა და ავჭალაში, მიწისქვეშა სარკინიგზო გვირაბების გაკეთება მოიაზრება.

"გვირაბების მშენებლობაც განიხილება. ყველა შემთხვევაში მოგვაჩნია, რომ ეს ტერიტორია უნდა გამოთავისუფლდეს და სხვათაშორის, ჩვენ ვტოვებთ სატრანსპორტო დერეფანს. ასევე, გამჭოლი გზა გაივლის, რომელიც ქალაქის ერთ შემოსასვლელს უწყვეტად მეორესთან დააკავშირებს. რკინიგზის გადატანით 74 ჰექტარი ტერიტორია გამოთავისუფლდება, რომელიც აუცილებლად გამოყენებული უნდა იყოს ერთიანი მიდგომით. ამისთვის შეიძლება, დიდი საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდეს და ამ ტერიტორიის ძალიან დიდი წილი რეკრეაციულ ზონად უნდა დარჩეს. ეს განაშენიანების რეგულირების გეგმამ უნდა დაარეგულიროს", - განმარტა სალუქვაძემ.
თავის მხრივ, როგორც „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კოკა გუნცაძემ გადაცემა „ანალიტიკასთან“ საუბრისას განმარტა, ძველი პროექტის შეცვლის ერთ-ერთი მიზეზი ეკოლოგიური საკითხების გათვალისწინება იყო.

„ძალიან რთული იყო პროექტის კორექცია, პროცესში უცხოური კომპანიები ჩაერთვნენ, რომლებმაც საკონსულტაციო საქმიანობა შეასრულეს. ქალაქის ქვემოთ გვირაბის მშენებლობის საკითხი განიხილება, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვარიანტია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს. ამ პროექტის ფორმირების და დაწყების ერთ-ერთი მოტივაცია ეკოლოგიური საკითხი იყო, რომელიც გათვალისწინებული იქნება, ასევე ურბანულ და რკინიგზის ინტერესებსაც გაითვალისწინებენ“, - აღნიშნა გუნცაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობაზე 2012 წლამდე 210 მილიონ დოლარამდე უკვე დაიხარჯა. პროექტი 2013 წელს დაკონსერვდა.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 აგვისტოს განკარგულების მიხედვით, პროექტის განხორციელების ფორმაზე საბოლოო გადაწყვეტილება „საქართველოს რკინიგზას“ განკარგულების ძალაში შესვლიდან ოთხ თვეში, მაქსიმუმ 2016 წლის 9 დეკემბერს უნდა მიეღო, თუმცა ხელისუფლებამ პროექტის განხორციელების ფორმაზე გადაწყვეტილების მისაღებად აღნიშნული ვადები ვერ გამოიყენა.