მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილღვინო: მოგვიწევს მოგების მარჟის შემცირება

5bc5f93d62cf8
მაია ბიწაძე
17.10.18 09:00
1397
"თბილღვინომ" წელს რეკორდული რაოდენობის ყურძენი გადაამუშავა, - ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელმა, ლაშა ლომაშვილმა განუცხადა. წლევანდელ რთველზე "თბილღვინომ" 6 600 ტონა ყურძენი დაწურა, თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე გასულ წელს. ასეთი ზრდა კომპანიამ საექსპორტო ბაზრებზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე გადაწყვიტა. როგორც ლომაშვილი განმარტავს, წელს დაახლოებით 30%-ით იყო გაზრდილი საფერავის ფასი, რაც კომპანიის საქმიანობაზე ნეგატიურად აისახება, რადაგან ეს პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს.

"ამჟამად ვაწარმოებთ კალკულაციას, თუ რამდენით მოიმატებს პროდუქციის ფასი. ჩვენ ვერ გავაძვირებთ ღვინოს ნედლეულის ფასის პირდაპირპროპორციულად, რადგან ეს საექსპორტო ბაზრებზე ჩვენს კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად შეამცირებს, ამიტომ, მოგვიწევს მოგების მარჟის შემცირება“ - განაცხადა ლაშა ლომაშვილმა.
მისივე თქმით, წელს კილოგრამი საფერავის ფასი 2,10 ლარის ნიშნულზე დაფიქსირდა, რქაწითელის - 80 თეთრზე, ხოლო მიკროზონების საფერავის ფასმა 3 ლარს მიაღწია, მაშინ როდესაც, შარშან მაქსიმალური ფასი 2,50-2,60 ლარს შეადგენდა.

"წელს ჩვენთვის პოზიტიური ფაქტი იყოს ის, რომ საკუთარმა ვენახებმა, ქინძმარაულისა და მუკუზნის მიკროზონებში, გაზრდილი მოსავალი მოგვცა და გადამუშავებული საფერავის 40% საკუთარი ნედლეულით შევავსეთ. მომავალ წელს ეს წილი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ვენახები მხოლოდ 4 წლისაა და მომავალში უფრო მეტ მოსავალს მოისხამს. ეს საშუალებას მოგვცემს ჩვენი პროდუქციის ხარისხი უკეთ ვაკონტროლოთ და სტაბილური ფასი შევინარჩუნოთ“ - განმარტავს ლომაშვილი.
"თბილღვინოს" ვენახები 200 ჰექტარ ფართზე აქვს გაშენებული და კვლავ განაგრძობს მის გაშენებას, რასაც იტალიელი მევენახის კონსულტაციით ახორციელებს.

"თბილღვინო" ღვინის ექსპორტს 30 ქვეყანაში ახორციელებს, მათ შორის მისი ღვინოები ისეთ მსხვილ სავაჭრო ქსელებში იყიდება, როგორიცაა: Marks & Spencer ბრიტანეთში, Maxima ლიტვაში, ლატვიაში და ესტონეთში, Silpo უკრაინაში, LCBO კანადაში, Alko ფინეთში, ალკოჰოლური სასმლის მონოპოლიები შვედეთში, ნორვეგიაში და ა.შ . კომპანია მომავალ წელს 5,5 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტს გეგმავს, მიმდინარე წლის ბოლომდე კი, გეგმის თანახმად, 4,5 მილიონ ბოთლ ღვინოს გაყიდის.

კომპანია წელს მომხმარებელა რამდენიმე ახალ პროდუქტს შესთავაზებს, მათ შორის "ქვევრის მწვანეს". "თბილღვინო" უკვე აწარმოებს ქვევრის "რქაწითელს", "საფერავსა“ და "ქისს". აღსანიშნავია, რომ მისი ქვევრის რქაწითელი ლონდონში, Marks & Spencer-ის მაღაზიათა ქსელში იყიდება.