მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თავისუფალ ბაზარზე ელექტროენერგიის რამდენიმე მსხვილი მომხმარებლის გასვლა იგეგმება

5baa09c68fef0
დავით ჯალაღონია
25.09.18 14:10
815
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც ელექტროენერგიის თავისუფალ ბაზარზე მსხვილი მომხმარებლების გასვლას ითვალისწინებს.

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი კანონპროექტი გაგრძელება იქნება იმ პროცესისა, რაც წელს უკვე დაიწყო, როცა ელექტროენერგიის რამდენიმე მსხვილი მომხმარებელი, ძირითადად ბიტკოინის მწარმოებლები, სემეკის რეგულირების არეალიდან გავიდნენ.

„ეს პროცესი უახლოეს პერიოდში გაგრძელდება და მთელი მომავალი წლის განმავლობაში ეტაპობრივად, მსხვილი მომხმარებლები თავისუფალ ბაზარზე გამოვლენ და შეძლებენ, რომ შეიძინონ ელექტროენერგია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იმპორტირებული ელექტროენერგია მოიხმარონ, რაც მათ მეტ შესაძლებლობას აძლევთ, უფრო ოპტიმალურ პირობებში მიიღონ ელექტროენერგია და ამავდროულად, მოსახლეობასაც უფრო ნაკლებად დააწვება ეს მსხვილი მომხმარებლები და ეს არის გარკვეული პრევენცია იმისა, რომ უახლოეს პერიოდში, ფასები მცირე მომხმარებლებისთვის და მოსახლეობისთვის შედარებით სტაბილური იქნება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
რაც შეეხება ელექტროენერგიის თავისუფალი ბაზრის სრულ კონცეფციას, მინისტრის მოადგილის განმარტებით, ეს დაახლოებთ წელიწადნახევრის განმავლობაში ჩამოყალიბდება.

„ეს გულისხმობს გარკვეული სექტორის დერეგულირებას და გარკვეულის - კვლავ რეგულირებაში დატოვებას, გამომდინარე იქიდან, რა იქნება სახელმწიფო ინტერესი და სახელმწიფო ინტერესი, პირველ რიგში, მოსახლეობის დაცვაა და ამავდროულად ჩვენი ენერგეტიკული ბაზრის, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება, თუმცა ისე უნდა მოხდეს ამ ამოცანის დაბალანსება, რომ ოპტიმალური დარჩეს ტარიფი მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.