მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თანხების აუთვისებლობის გამო, განმარტებებისთვის პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრს ელოდებიან

5c0e8350bb74c
დათო ჯალაღონია
10.12.18 19:16
534
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას შეფასებით, რა იწვევს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ სხვადასხვა პროექტებზე ბიუჯეტის აუთვისებლობას, ეს უკვე ტრადიციულ კითხვად იქცა.

ამის შესახებ კაკულიამ ჟურნალისტებს პარლამენტში, 2018 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ კანონპროექტის განხილვამდე განუცხადა.

„დარწმუნებული ვარ, არსებობს ობიექტური მიზეზები, რომელიც ალბათ თავიდან ვერ იქნა დანახული, მაგრამ საბოლოო ჯამში პასუხისმგებელი მაინც ალბათ დამგეგმავია, რამდენადაც ობიექტური არ უნდა იყოს ეს მიზეზი და ასეთი ობიექტური მიზეზების რაოდენობა რომ იზრდება, შემდეგ ხდება ხოლმე ეს საეჭვო, თორემ ერთხელ და ორჯერ ყველა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ისეთი შემთხვევა, როდესაც ის გეგმავს, მაგრამ შემდეგ, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, კორექტირება ხდება. ამ ყველაფერს უნდა შესწავლა. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ უკვე გარკვეულ ტრადიციად იქცა ეს ამ სამინისტროს შემთხვევაში და ამიტომ გაჩნდა ეს კითხვები“, – განაცხადა კაკულიამ და დასძინა, რომ ამ და სხვა საკითხებზე პარლამენტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოსმენაა დაგეგმილი.

„მე კომუნიკაცია უკვე მქონდა ქალბატონ მაიასთან და უნდა დავგეგმოთ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოსვლა პარლამენტში, კომიტეტში, რადგან უკვე ექვსი თვეა, რაც ის მინისტრია და ზოგადად, ჩვენს ნაწილში, ამ სამინისტროს საქმიანობისა, ანგარიშის მოსმენას მოვამზადებთ ან წლის ბოლომდე, ან მომავალი წლის დასაწყისში“, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შედის, რომლის ერთი მიმართულება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიმდინარე წელს განსაზღვრული თანხების მომდევნო წლებში გადატანას ითვალისწინებს. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად მიღებული გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტები მცირდება 321 მლნ ლარით და განისაზღვრება 915.8 მლნ ლარით.