მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სწავლის სრული დაფინანსება ევროპის 100-მდე უნივერსიტეტში - როგორ მოვიპოვოთ ERASMUS-ის გრანტი

56cf346b1f9ab
BM.GE
25.02.16 22:05
68925
ქართველი სტუდენტებისთვის, საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებისა და დაფინანსების ერთ-ერთი საშუალება პროგრამა "Erasmus +"-ია . პროგრამა ორი ეტაპისგან შედგება, სტუდენტებს დაფინანსების მოპოვება როგორც მოკლევადიან მობილობის პროგრამაზე, ასევე სრულ სამაგისტრო პროგრამაზე შუძლიათ. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სტუდენტი და რა პროცესების გავლაა საჭირო დაფინანსების მოპოვებითვის, - პროგრამის დეტალებზე "ბიზნესკონტაქტს" Erasmus+ საქართველოს პროგრამის ასისტენტი, ნინო ურუშაძე ესაუბრა.
 
ქართველი სტუდენტებისთვის "ერასმუსის" ფარგლებში წელს 100-მდე უნივერსიტეტის პროგრამაა ხელმისაწვდომი. პროგრამა ორ ძირითად ეტაპად იყოფა, - კრედიტ-მობილობა და სრული სამაგისტრო პროგრამა.

"მობილობის პროგრამის ფარგლებში, სტუდენტი, კონკრეტული უნივერსიტეტის შიდა ხელშეკრულების საფუძველზე, მოკლევადიანი მობილობით ევროპის უნივერსიტეტში მიდის სასწავლებლად. მობილობა შესაძლოა 3-თვიანი, 6-თვიანი ან მაქსიმუმ 1 წლიანი იყოს. აღნიშნული პერიოდის შემდეგ, სტუდენტი საქართველოში ბრუნდება, მას საზღვარგარეთ აღებული კრედიტები გადმოჰყვება, სწავლის დასრულების შემდეგ კი მშობლიური უნივერსიტეტის დიპლომს იღებს.

პროგრამა სტუდენტის სწავლის საფასურსა და მგზავრობის ხარჯებს ფარავს, ასევე ის ყოველთვიურ სტიპენდიასაც ითვალისწინებს, რომლის ოდენობაც საშუალოდ 750-850 ევროა.

სრული სამაგისტრო პროგრამის შემთხვევაში, სტუდენტი ქართული უნივერსიტეტისგან დამოუკიდებლად, ინდივიდუალურად აკეთებს განაცხადს, ევროპულ სამსაგისტრო პროგრამებზე. კონკურსი მთელი მსოფლიოს სტუდენტებისთვის ღიაა. დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში, კი სტუდენტს სრულად უფინანსდება სწავლისა და მგზავრობის ხარჯები, ასევე ერიცხება ყოველთვიური სტიპენდია. კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტი იღებს ევროპული უნივერსიტეტის დიპლომს. პროგრამა ევროპის მინიმუმ 2 უნივერსიტეტში სწავლას ითვალისწინებს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სტუდენტს შესაძლოა 3 სხვადასხვა უნივერსიტეტში მოუწიოს სწავლა. სამაგისტრო პროგრამების ხანგრძლივობა 1, 1.5 ან 2 წელია", - ამბობს ნინო ურუშაძე.

რაც შეეხება, კრიტერიუმებს, რომელიც სტუდენტმა პროგრამაში მონაწილებისთვის უნდა დააკმაყოფილოს, ის ყველა უნივერსიტეტისა და მიმართულებისთვის ინდივიდუალური და განსხვავებულია, თუმცა ყველა სტუდენტს უწევს ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილება. ნინო ურუშაძე ამბობს, რომ უპირველესი მოთხოვნა ყველა პროგრამისთვის აკადემიური მოსწრებაა.

"კრედიტ-მობილობისა და სრული სამაგისტრო პროგრამის შემთხვევაში, სტუდენტის აკადემიური მოსწრება პირველი კრიტერიუმია. ასევე პროგრამა ითხოვს ენის დამადასტურებელ საბუთს, რომელიც კრედიტ-მობილობის შემთხვევაში შესაძლოა, რომ უნივერსიტეტმა თავად მიანიჭოს სტუდენტს. მაგისტრატურის პროგრამის შემთხვევაში, ეს აუცილებლად უნდა იყოს საერთაშორისოდ აღიარებული ენის დამადასტურებელი საბუთი, მაგალითად TOEFL-ი ან IELTS-ი.

სამუშაო გამოცდილება პროგრამის ძირითად კრიტერიუმებში არ შედის. ერთ-ერთი დამატებითი მოთხოვნა, კი სტუდენტის სოციალური აქტივობაა, რომელიც შეგიძლიათ სამოტივაციო წერილშიც მიუთითოთ. ჩვენ ყოველთვის რეკომენდაციას ვუწევთ სტუდენტს, რომ ეს ინფორმაცია ასახონ რეზუმეშიც, რაც კოორდინატორს სტუდენტის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღების საშუალებას მისცემს". ნინო ურუშაძე ამბობს, რომ ქართველი სტუდენტებისთვის ყველაზე რთული ეტაპი სამოტივაციო წერილისა და რეზუმეს შედგენაა.

"ჩვენ გვეგონა, რომ ამ უნარებს სტუდენტები უნივერსიტეტებში მიიღებდნენ, თუმცა ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული საფეხური აღმოჩნდა. ჩვენთან მომართვიანობა საკმაოდ მაღალია, ამიტომ ამისთვის სპეციალური გზამკვლევი შევქმენით. CV-ის შედგენისას ევროკავშირის სტილს ვუწევთ რეკომენდაციას.

რაც შეეხება სამოტივაციო წერილს, - სტუდენტმა უნდა ჩამოაყალიბოს საკუთარი მიზნები, თუ რატომ აირჩია კონკრეტულად ეს პროგრამა დანარჩენი 100 პროგრამიდან, ასევე რატომ გამოირჩევა სხვა კანდიდატებისგან. უნდა დაასაბუთოს რატომ უნდა გაკეთდეს მასზე არჩევანი, უნდა გამოკვეთოს მისი წარმატებები სწავლის პერიოდში.

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს დაბალი აკადემიური მოსწრება აქვს, შეუძლია ამის მიზეზებიც წერილში დაასაბუთოს. სასურველი GPA პროგრამისთვის 3,0-ია".

პროგრამაზე მიღება შემოდგომიდან ცხადდება. ქართველის სტუდენტებს 100-ზე მეტ უნივერსიტეტში შეუძლიათ განაცხადის წარდგენა და ყველა მათგანს მიღების ინდივიდუალური ვადები აქვთ.

წელს საქართველოს მხრიდან პროგრამაში 25 უნივერსიტეტია ჩართული, აღნიშნული უნივერსიტეტებია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, სახელმწიფო კონსერვატორია, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის უნივრსიტეტი ბათუმში, აგრარული უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ზუგდიდში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, სოხუმის უნივერსიტეტი, გორის უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, თბილისის სამხატვრო აკადემია. პროგრამაში მონაწილე უნივერსიტეტები, შესაძლოა ყოველწლიურად შეიცვალოს. დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.