მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტიქიის დროს დაზიანებული თსუ-ს ლაბორატორია 10 თვეა მერიისგან სამშენებლო ნებართვას ითხოვს

56fd0225276b3
BM.GE
31.03.16 14:48
2063
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ჰიდროლოგიური ლაბორატორია 13 ივნისის სტიქიის დროს დაზიანდა და დღემდე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურისგან სამშენებლო ნებართვას ითხოვს. როგორც "ბიზნესკონტაქტს" ლაბორატორიის დირექტორმა, მერაბ ალავერდაშვილმა, განუცხადა, ლაბორატორიის აღდგენისთვის შესაბამისი თანხები განათლების სამინისტრომ და უნივერსიტეტმა უკვე გამოყო, თუმცა პროცესს სამშენებლო ნებრთვის გაცემა აფერხებს. კერძოდ, როგორც ალავერდაშვილი განმარტავს, ლაბორატორია ან არსებულ ადგილზე ითხოვს ახალი შენობის განთავსებას, ან მის მოსაზღვრე ტერიტორიაზე.
 
მისი თქმით, ტერიტორიაზე ახალი პროექტით, სარეკრეაციო ზონა უნდა განთავსდეს და მერია მათ ალტერნატიულ ფართს, მოსაზღვრე ფედრობზე სთავაზობს, რომელიც რისკულ ზონას წარმოადგენს.

"10 თვეა დავდევთ მერიას, უნივერსიტეტისგან უკვე 5 მიმართვაა გაკეთებული, ძვრები ჯერ არაა. ეკონომიკის სამინისტრომ ხელახლა, ოქტომბერში, გადმოგვცა 5012 კვ. მეტრი და აქედან 1600 კვ. მეტრზე გარემოს დაცვის სამინისტროს დასკვნით, შეიძლება და აუცილებელია ლაბორატორიის განთავსება. ხელსაწყოები მდინარესთან ახლოს უნდა იდგეს, მაგრამ ალტერნატიულ ფართს შენობების უკან მდებარე მთის ფერდობზე გვთავაზობენ, რომელიც მეწყრული ზონაა. მისი გამაგრება შესაძლებელია, თუმცა ამისთვის საკმაოდ დიდი სახსრებია საჭირო. თუ სპორტული კომლექსების განთავსება შეიძლება ადგილზე, რატომ არ შეიძლება ლაბორატორიაც განთავსდეს?

ქვეყანაში ჰიდროლოგების ყოლა აუცილებელია და მსგავსი ლაბორატორია ამერიკავკასიაში არ არის. თუ არ იქნება ლაბორატორია, ვერეს ხეობის შესწავლაც ვერ მოხდება", - აცხადებს მერაბ ალავერდაშვილი. მისივე თქმით, საკითხზე მერიას უნივერსიტეტმა უკვე რამდენჯერმე მიმართა და საქმის კურსშია თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძეც. ალავერდაშვილი ამბობს, რომ ტერიტორია, შესაძლოა ტენდერის შემდეგ კერძო პირზე გასხვისებულიყო.

"ბიზნესკონტაქტმა" თემით თბილისის მერიასაც მიმართა და არქიტექტურის სამსახურის პოზიციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.