მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტაჟირება მსხვილ კორპორაციებში

5bed9397b30c1
მარიამ ადამია
15.11.18 22:00
1514
მსოფლიოს წამყვან და უმსხვილეს კორპორაციებში სტაჟირება, ამერიკის შეერთებულ შტატებში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. ახალგაზრდები ყოველგვარი გამოცდილების გარეშე, პრაქტიკას გადიან კომპანიებში და პარალელურად მცირე ანაზღაურებასაც იღებენ. ასეთი სტაჟირება, მათ უმსხვილესი კომპანიების შიდა სამზარეულოს ნახვაში ეხმარება და ასევე, მომავალი კარიერის დაგეგმვაშიც.

ჩვენ ქვეყანაში მსგავსი პრაქტიკა ახლა ინერგება და ნელ-ნელა ჩნდება ბაზარზე კომპანიები, რომლებიც გამოუცდელ ახალგაზრდებს, კვალიფიკაციის ამაღლებისა და განვითარების მიზნით ასაქმებენ. თუმცა ვიდრე ქართული კომპანიები ამ მიმართულებას გააუმჯობესებენ, გადავხედოთ მსოფლიოს წამყვან კორპორაციებს და მათი სტაჟირების პროგრამებს.

პლატფორმა Vault-ის ექსპერტებმა, კვლევის შედეგად 120 კომპანია დაასახელეს, რომლებსაც სტაჟირების საუკეთესო პროგრამები აქვთ.

Vault Internship Rankings-ის მიხედვით 2019 წელს საკუთარი კარიერული სტარტისთვის, საუკეთესო ადგილი - Google-ია, სადაც საშუალო ანაზღაურება თვეში პრაქტიკანტებისთვის 7 ათასი ამერიკული დოლარია. გარდა ამისა, კომპანია ფარავს ცხოვრებისა და მოგზაურობის ხარჯებსაც. რიგით მეორე „სამოთხე“ პრაქტიკანტებისთვის, Apple-ია, რომელიც სტაჟიორებს 5 ათას დოლარს უხდის და ასევე უფასოდ აცხოვრებს კიდეც. აიფონების მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელი - ტიმ კუკი საქმიან შეხვედრებზე დასწრების უფლებას მხოლოდ სტაჟიორებს აძლევს. ეს ყველაფერი კი ახალგაზრდების განვითარებისთვის კეთდება.

სამეულში სახელდება „მაიქროსოფტიც“. სტაჟიორები აღნიშნავენ, რომ ამ კომპანიაში მუშაობა მათ საშუალებას აძლევს თანაბრად გადაანაწილონ შრომისა და დასვენების დრო და პარალელურად დაესწრონ მსოფლიოში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს მოვლენებს უფასოდ. მათი ანაზღაურება თვეში 7 ათასი დოლარიდან იწყება, თუმცა ცხოვრების ხარჯებსაც ასუფსიდირებს და სტიპენდიასაც უზრუნველყოფს.

საუკეთესო სტაჟირების პროგრამა აქვს Tesla-საც რომელიც საათში 26 დოლარს უხდის პრაქტიკანტებს, რაც შესაძლოა ბევრი არ არის, თუმცა კომპანიაში მომუშავე ჭკვიანი და გულისხმიერი სტაფის დახმარებით იმდენად დიდ გამოცდილებას იღებენ, რომ რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე დასახელდა.

მას კი სოციალური ქსელი Facebook მოჰყვება. კომპანია სტაჟიორებს სთავაზობს უფასო საცხოვრებელ სახლსა და უქმეებზე მათ გართობასაც უზრუნველყოფს. რაც შეეხება სამუშაო პროცესს, აქ თითოეული პრაქტიკანტი ჩართულია სხვადასხვა პროექტში და უდიდეს გამოცდილებას იღებს.

სტაჟირების შედარებით რთულ პროგრამას სთავაზობს ახალგაზრდებს Goldman Sachs-ი, რომელიც 5 ათას 700 დოლარს იხდის თვეში და ასევე სხვადასხვა ღონისძიებებზე უფასო ბილეთებითაც უზრუნველყოფს სტაჟიორებს. 6 ათას 100 დოლარს იხდის თვეში Amazon და პარალელურად საკმაოდ ბევრ ვალდებულებებსაც აკისრებს, ამიტომაც რეიტინგში მეშვიდე პოზიციაზეა.

მას J.P. Morgan-ი მოსდევს საათში 25 დოლარით. კომპანიაში მომუშავე სტაჟიორები აღნიშნავენ, რომ მათ ზუსტად იმავე ვალდებულებებს აკისრებენ, რომლებიც უკვე გამოცდილ თანამშრომლებს აქვთ, ამიტომაც აქ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება, წარმატებისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია.

მეცხრე და მეათე პოზიციას კი SpaceX-ი და The Walt Disney Company-ი ინაწილებენ, საათში 26 და 16 დოლარით.