მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სსფ: საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ფასების სტაბილურობის და გაცვლითი კურსის მოქნილობის უზრუნველყოფას

58ef8aee930cb
BM.GE
13.04.17 18:26
1544
საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ფასების სტაბილურობის და გაცვლითი კურსის მოქნილობის უზრუნველყოფას, - ამის შესახებ აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრესრელიზში, რომელიც ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოსთვის 285 მილიონი აშშ დოლარის პროგრამის დამტკიცებასთან დაკავშირებით გაავრცელა. სავალუტო ფონდის განცხადებით, განუწყვეტლივ მიმდინარეობს ფასების დონეზე დაკვირვება და შედარება ეროვნული ბანკის ინფლაციის ტარგეტთან საშუალოვადიან პერიოდში შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ფონდის პროგნიზით, ინფლაცია საქართველოში სამიზნე მაჩვენებელს 2018 წელს გაუტოლდება და იქვე იმასაც დასძენს, რომ ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენა ექნება რეგიონსა და მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე, რთულად პროგნოზირებად, მოვლენებს.

"საქართველოს ეროვნული ბანკი კვლავაც უზრუნველყოფს, რომ ვალუტის გაცვლითი კურსი მოერგოს საბაზრო პირობებს. სსფ-ს პროგრამის მიზანია საერთაშორისო რეზერვების დაგროვება. ეროვნული ბანკი განაგრძობს ლიკვიდურობის მართვის გაუმჯობესებას და მონეტარული პოლიტიკის გადაცემის გაძლიერებას, მათ შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებით". 

სავალუტო ფონდი ეკონომიკის ბოლოდროინდელი ვითარების შეფასებისას აღნიშნავს, რომ რეგიონის სხვა ქვეყნების მსგავსად, 2016 წელს საქართველოს ეკონომიკა მოკრძალებული ტემპით, 2.7 პროცენტით გაიზარდა. ეს განაპირობული იყო სავაჭრო პარტნიორთა ზრდის შენელებით, რომელიც 2014 წლიდან დაიწყო. ინფლაციაც დაბალი იყო. ეროვნული ბანკის პოლიტიკის განაკვეთის კლების მიუხედავად, ინფლაცია მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა სამიზნე მაჩვენებელს: 5 პროცენტს. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ოდნავ გაიზარდა მშპ-ს 12.4 პროცენტამდე, გაუარესებული სავაჭრო სალდოს გამო, თუმცა კვლავაც მეტწილად ფინანსდებოდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით. საგარეო ვალმა, რომელიც ძირითადად შეღავათიანი პირობებითაა ნასესხები, თითქმის მშპ-ს 110 პროცენტს მიაღწია, ნაწილობრივ, ადგილობრივი ვალუტის გაუფასურების გამო.

"2016 წლის განმავლობაში გაცვლითი კურსი მერყეობით ხასიათდებოდა, რაც საქართველოს ეროვნულ ბანკს უბიძგებდა ჩარეულიყო სავალუტო ბაზარზე ვალუტის როგორც ყიდვის, ისე გაყიდვის მიმართულებით, ზედმეტი რყევების თავიდან ასაცილებლად. სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს საბანკო სექტორი, მიუხედავად დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლის, მდგრადია. ხოლო, ვადაგადაცილებული ვალების მაჩვენებელი მხოლოდ მცირედით გაიზარდა. საბანკო სექტორის ანგარიშის მიხედვით 2016 წელს ბანკების კაპიტალი, ლიკვიდურობა და მომგებიანობა ადეკვატური იყო. ბანკების საკრედიტო პორტფელი 12 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე).

საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ დაადასტურა საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა ფინანსური სტაბილურობის მანდატის შესრულებაში. სსფ-ს ფინანსური სექტორის შეფასების (FSAP) რეკომენდაციით, საქართველოს ეროვნული ბანკი განსაზღვრავს ‘სესხის და ღირებულების’ და (loan-to-value) და ‘გადახდის და შემოსავლის’ (payment-toincome) დასაშვებ ნორმებს იპოთეკური სესხებისთვის. უცხოურ ვალუტის სესხებზე განისაზღვრება შედარებით მკაცრი ნორმები. პროგრამა მიზნად ისახავს ‘მომხმარებელთა დაცულობის’ და ‘პრობლემური ბანკების საკითხის განხილვის’ ჩარჩო პირობების გაძიერებას ახლო მომავალში. ხოლო საშუალოვადიან პერიოდში დაიხვეწება ‘უკანასკნელი ინსტანციის მსესხებლის’ მექანიზმი", - განმარტავს სავალუტო ფონდი.