08.მარტი.2016 15:34
ბიზნესი

Sightless Energy-ს საქართველოში საწვავის ორგანული დანამატის საწარმოს აშენება სურს

Sightless Energy-ს საქართველოში საწვავის ორგანული დანამატის საწარმოს აშენება სურს
Sightless Energy-ს საქართველოში საწვავის ორგანული დანამატის საწარმოს აშენება სურს.  ინვესტორს მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან სურს დაიწყოს თავისი იდეის განხორციელება და შემდგომ მზა მოდელით გადაინაცვლოს ქუთაისში, რომელიც ასევე საკმაოდ დატვირთულია ტრანსპორტით. შვეიცარიაში რეგისტრირებული კომპანიის შეთავაზება მდგომარეობს იმაში, რომ მას სურს შემოიტანოს მავნე გამონაბოლქვის გაზომვისთვის საჭირო პორტაბელური აპარატები, ასევე ჰაერის დაბინძურების დონის გასაზომად დაამონტაჟოს მონიტორინგის სისტემები დიდ ქალაქებში და ამის მეშვეობით შეაფასოს საერთო სიტუაცია, რის შემდეგაც Sightless Energy კომპანია „ქართულ ტექნოლოგიებთან" პარტნიორობით გეგმავს საქართველოში ააშენოს ქარხანა საწვავის ორგანული დანამატის წარმოებისთვის, რომლის გამოყენება, როგორც ინვესტორი ირწმუნება მყისიერად შეამცირებს ტრანსპორტის მავნე ზეგავლენას გარემოზე. უფრო დეტალურად კომპანიის გეგმებზე ნილ არჩერმა "ბიზნესკონტაქტთან" ინტერვიუში ისაუბრა.

- რასთან დაკავშირებით აწარმოებთ მოლაპარაკებებს მუნიციპალურ მთავრობებთან?
 
- Sightless Energy ქართველ პარტნიორებთან ერთად შეხვედრებს მართავს მუნიციპალიტეტებთან საქართველოში და მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნას მავნე გამონაბოლქვის შემცირების ერთგვარი მაგალითი, 100%-ით ორგანული საწავავის დანამატის გამოყენებით. საუბარია მუნიციპალიტეტებისთვის დახმარების გაწევაზე იმ მიმართულებით, რომ ტრანსპორტის მენეჯმენტი განხორციელდეს, რათა შემცირდეს მათი მავნე ზემოქმედება გარემოზე. ჩვენმა პროდუქტმა ტესტირება გაიარა გაერთიანებულ სამეფოში, ისრაელში, საქართველოშიც ჩავატარეთ ექსპერიმენტი და ყველა კმაყოფილი დარჩა შედეგებით. „პეტროქსის“ გამოყენებამ დაახლოებით 43%-ით შემაცირა საწვავის მავნე გამონაბოლქვი. ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს მუნიციპალურ მთავრობებთან, რათა საბოლოო შევთანხმდეთ მოდელზე და განვსაზღვროთ როგორ განვახორციელებთ ტრანსპორტის მონიტორინგს და საწვავზე "პეტროქსის" დამატებას დიდ ქალაქებში მავნე გამონაბოლქვის შემცირების მიზნით.
 
- ვისგან წამოვიდა ეს ინიციატივა?
 
- ეს ქართული ინიციატვაა და სწორედ ამიტომ გვინდა ჩვენი პროექტის საქართველოში განვახორციელოთ. იმედი გვაქვს შევქმნით საუკეთესო პრაქტიკის მოდელს, რომლის გამოყენება შემდეგ შესაძლებელი გახდება სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის ევროკავშირშიც და განსაკუთრებით განვითარებად ბაზრებზე, როგორიცაა მაგალითად ჩინეთი და ინდოეთი, რომლებსაც გარემოს დაბინძურების ძალიან მაღალი მაჩვენებელი აქვთ. ხშირად 50-100 ჯერ მეტი, ვიდრე დადგენილი ლიმიტი. ასე რომ ამ პროექტს და ჩვენ მიერ ნაწარმოებ პროდუქტს დიდი მნიშნველობა ექნება გლობალურ დონეზე.
 
- რას აკეთებს თქვენი კომპანია? რა გამოცდილება აქვს?

- ჩვენი კომპანია ჩართულია ორგანული და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოებაში. გვაქვს ორგანული პროდუქტები, რომლებიც აქტიურად გამოიყენება ჯანდაცვასა და სპორტულ აქტივობაში. რაც შეეხება „პეტროქს უნივერსალს“, ის მიმართულია გლობალური პრობლემების - მავნე გამონაბოლქვისა და წყლის დაბინძურების - გადაწყვეტაზე.
 
- რამდენი ხანია, რაც ამ პროდუქტზე მუშაობთ?
 
- დაახლოებით 8 წელია ეს პროდუქტი გადის სერტიფიცირების, ტესიტრების და ლიცენზირების პროცესს. ბოლო ერთი წელია გადასული ვართ ტესტირებაზე, ვცდით მას უშუალოდ ტრანსპორტში. ვიყენებთ ტრანსპორტში. ტესტირება გვქონდა ისრაელის ტექნოლოგიის ინსტიტუტში, ჰაიფაში, ასევე დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ ლაბორატორიაში, რომელსაც აქვს მავნე გამონაბოლქვის გაზომვის სპეციალური პორტაბელური სისტემები, რომლებსაც ათავსებენ ტრანსპორტზე და ათასობით კილომეტრზე ზომავენ „პეტროქსის“ გამოყენების ეფექტიანობას.
 
- როგორია თქვენი გეგმა, თუ მოალაპრაკება შედგა მთავრობასთან. როგორ მოდელს შეიმუშავებთ და როგორ იმუშავებს ის?
 
- ეს მოდელი სავარაუდოდ იმუშავებს შემდეგნაირად: მანქანებს დაუმონტაჟდებათ პორტაბელური ემისიის საზომი აპარატები, ასევე დავაყენებთ გარემო პირობების მონიტორინგის სისტემებს დიდ ქალაქებში და საწვავზე "პეტროქსის" დამატებით დავაკვირდებით როგორ შემცირდება გარემოს დაბინძურების დონე, რათა ვაჩვენოთ ადამიანებს, რომ მათ მიერ მიღებული ზომებთ მავნე გამონაბოლქვი მცირდება 20-30 პროცენტით და ეს აუმჯობესებს მათივე გარემო პირობებს.
 
- თქვენი აზრით, ყველა მანქანამ უნდა დაამატოს "პეტროქსი" საწვავს?
 
- იდეალურ შემთხვევაში, გვინდა რომ "პეტროქსი" საწვავს დაემატოს გასამართ სადგურებზე. ანუ, როცა ადამიანები მივლენ გასამართ სადგურზე საწვავის შესავსებად მას უკვე დამატებული ექნება "პეტროქსი“.

- და ეს ეღირება კონკრეტული თანხა, თუ არა?
 
- დიახ ეღირება, მაგრამ ეს ძალიან უმნიშვნელო ღირებულებაა იმის გათვალისწინებით, რომ რეალურად შეამცირებს გამონაბოლქვს და გააუმჯობესებს საწვავის მოხმარებას.
 
- რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ამას ყველა არ გააკეთებს?
 
- ჩვენ ყველა ვცდილობთ შევამციროთ ტრანსპორტის მავნე ზემოქმედება გარემოზე. ამიტომ ბუნებრივ მოცემულობაში ეს ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს. მთავრობამ უნდა აუხსნას ადამიანებს, რომ „პეტროქსის“ დამატებით უმჯობესდება გარემო პირობები, მათივე მანქანის მიერ საწვავის მოხმარება და მცირდება მათ ხარჯი.
 
- და ის არ არის საზიანო ტრანსპორტისთვის?
 
- არა, ეს 100%-ით ორგანული პროდუქტია.
 
- როგორია მთავრობის განწყობა თქვენი შეთავაზების მიმართ?
 
- ისინი აღფრთოვანებულები არიან, რადგან მათთვის ეს მომგებიანი შეთავაზებაა, რომლის მეშვეობით შეუძლიათ ჰაერის ხარისხი გააუმჯობესონ, რითაც ადამიანები კმაყოფილები იქნებიან და ამავდოულად საქართველოში შეიქმნება ქართული პროდუქტი, რაც საქართველოს ცნობადობას გაზრდის. ეს ფანტასტიური შესაძლებლობაა ქვეყნისთვის, შესთავაზოს მსოფლიოს ორგანული პროდუქტი, რომელსაც შეუძლია კლიმატური პირობები გააუმჯობესოს გლობალურად.
 
- როცა ამბობთ ქართული პროდუქტი, გულისხმობთ, რომ ამ პროდუქტს აქ აწარმოებთ?
 
- დიახ, საქართველოში ვაწარმოებთ „პეტროქსს“ და მერე განვახორციელებთ მის ექსპორტს ჩინეთში, აზიაში, ევროპაში.
 
- ანუ აპირებთ ააშენოთ საწარმო?
 
- დიახ. ასევე გვექნება ლაბორატორიაც, რათა საწვავის დანამატის სრული წარმოება გვქონდეს.
 
- დიდ საწარმოს გეგმავთ?
 
- დიახ, საკმაოდ მასშტაბურს. ადგილი შერჩეული გვაქვს, სადაც საწარმოს განვათავსებთ.
 
- ყველაფერ ამის გათვალისწინებით, რამდენად ძვირადღირებულია თქვენი პროექტი?
 
- საუბარია ათეულობით მილიონ დოლარზე.
 
- ინვესტიცია თქვენ მიერ განხორციელდება? თუ გათვალისწინებულია მთავრობის დაფინანსებაც?
 
- დიახ, ეს კერძო ინვესტიცია იქნება, რომელსაც პარტნიორები განვახორციელებთ. მთავრობის ჩართულობა მხოლოდ იმ დონეზე გვჭირდება, რამდენადაც მას აქვს პასუხისმგებლობა აღებული „მერების შეთანხმების“ ფარგლებში შეამციროს გარემოს დაბინძურების დონზე, რისთვისაც სჭირდება კონკრეტული მოდელი. სწორედ ამის შესაქმნელად ვმუშაობთ ჩვენც.
 
- თქვენი აზრით, რა დრო დაგჭირდებათ ამ პროექტის გასახორციელებლად? გაქვთ კონკრეტული გათვლები?
 
- ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეძლებს მთავრობა ჩამოყალიბდეს ჩვენს წინადადებაზე. თუ შეთანხმება შედგა, იმედი გვაქვს, შემდეგი 3 წლის განმავლობაში მივიღებთ შედეგს, რომ ადამიანებს ენდომებათ საკუთარი წვლილი შეიტანონ ტრანსპორტის გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებაში. ჩვენ მზად გვაქვს პროდუქტი წარმოებაში ჩასაშვებად, მზად ვართ ავაშენოთ ქარხანა, ახლა გვჭირდება მთავრობის დახმარება, დაარწმუნოს ადამიანები მის სასარგებლოობაში.
 
- რამდენი შეიძლება ღირდეს „პეტროქსი“ წინასწარი გათვლებით?
 
- ვფიქრობ ერთი ლიტრი „პეტროქსის“ ღირებულება ერთი ცენტის ფარგლებში იქნება.
 
- თავად გარემოს დაბინძურების დონეზე რომ ვისაუბროთ, გაქვთ კონკრეტული წინასწარი შეფასება, რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში?
 
- სავარაუდოდ ცუდი, რადგან დიზელის ხარისხი, რომელსაც თქვენ იყენებთ მერყეობს 100-150 ppm-ს შორის, მაშინ როცა ევროკავშირის სტანდარტი 10 ppm-ია, ანუ დიზელის ხარისხი აქ ბევრად დაბალია. შეუიარაღებელი თვალითაც ადვილი შესამჩნევია, რომ ჰაერი საუკეთესო მდგომარეობაში არ არის და ეს გამოწვეულია არა მარტო მსუბუქი მანქანების გამონაბოლქვით, არამედ სატვირთო მანქანების ხშირი გადაადგილებით, მშენებლობებით და ა.შ.
 
- რაში მდგომარეობს ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც „პეტროქსს“ შეუძლია შეამციროს გამონაბოლქვი?
 
- ის განაპირობებს ბევრად სუფთა წვას და ცვლის ძრავში საწვავის წვის სტრუქტურას. მისი დამატების შედეგად ვიღებთ საწვავის უკეთეს მოხმარებას და ნამწვი რომელიც გამოდის გარეთ, ბევრად სუფთაა.
 
- უკვე არსებობს სხვა მსგავისი პროდუქტები? მაგალითად როგორ ებრძვიან ევროპული ქვეყნები ტრანსპორტის მავნე ზეგავლენას გარემოზე?
 
- არა, არ არსებობს. მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში არაერთი მეთოდს მიმართეს: ლონდონში ჰიბრიდულ ავტობუსებზე გადავიდნენ და 2020 წლისთვის ყველა ტაქსი ელექტროძრავზე იმუშავებს, მაგრამ ეს სერიოზულ ეფექტს ვერ იძლევა როცა ამდენი მანქანა დადის ქალაქში. ამიტომ ამ ღონისძიებების შემდეგ შედეგის მიღებას 10-15 წლიანი პერიოდი სჭირდება. მაშინ როცა ჩვენი პროდუქტის ეფექტი საქართველოში მყისიერი იქნება.
 
- საქართველო გეგმავს შეამციროს გამონაბოლქვის ოდენობა 20%-ით, გინდათ თქვათ, რომ „პეტროქსის“ გამოყენების შედეგად ეს მყისიერად მოხდება?
 
- როგორც კი მომხმარებელი დაიწყებს მანქანებში პეტროქსის დანამატიანი საწვავის ჩასხმას, ეს იმუშავებს მყისიერად. მანქანის წვაც გაუმჯობესდება და გაზომვის შედეგადაც დადასტურდება რომ შემცირდა მავნე გამონაბოლქვის გავრცელება გარემოში.
 
- რა პრინციპით შეარჩიეთ თქვენი ქართველი პარტნიორი? ვინ იყო თანამშრომლობის პირველი ინიციატორი?
 
- საერთო ნაცნობებისა და მეგობრების დონეზე განვითარდა ეს ურთიერთობა. ჩამოვედი, მომეწონა აქაურობა, ადამიანები ძალიან პირდაპირები არიან. ქართველ პარტნიორთან თანამშრომლობა კარგად ვითარდება და დარწმუნებული ვარ შედეგი წარმატებული იქნება.
 
ავტორი: ანა ცხოვრებოვა



17.ივლისი.2018 14:15
89

ნიკორა საწესდებო კაპიტალის შემცირების მიზეზს განმარტავს

ვრცლად
15.ივლისი.2018 15:39
109

"ნიკორამ'' საწესდებო კაპიტალი $3.25 მილიონით შეამცირა

ვრცლად
14.ივლისი.2018 16:00
138

საბროკერო კომპანია Fx Group-ში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

ვრცლად
09.ივლისი.2018 17:35
247

"ალდაგის'' შვილობილი კომპანია "პრემიუმ რეზიდენსი" ტექდათვალიერების ბიზნესში შედის

ვრცლად
01.ივლისი.2018 20:58
353

“ET CETERA” ახალ ალკოჰოლურ სასმელს ამატებს

ვრცლად
01.ივლისი.2018 17:05
219

“Handy” ქართულ ბაზარს ხის სათვალეებსაც შესთავაზებს

ვრცლად