მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს: საქართველოში კომპიუტერული დანაშაული 151%-ით გაიზარდა

5c307f7460bef
BM.GE
05.01.19 13:55
1156
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ნოემბერში 2017 წელთან შედარებით, საქართველოში რეგისტრირებული კიბერდანაშაულის რაოდენობა 151%-ით გაიზარდა. ამ დანაშაულების გახსნის მაჩვენებელი კი სამჯერ შემცირდა და 8.75%-ს შეადგენს.

კრიმინალის სტატისტიკის მიხედვით, წლის 11 თვეში ამ ტიპის დანაშაულის სულ 1051 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც მხოლოდ 92 საქმე არის გახსნილი. ეს ნიშნავს, რომ ამ ტიპის დანაშაულების 90%-ზე მეტი გასულ წელს გაუხსნელი დარჩა. ამ კატეგორიის დანაშაულების მკვეთრი ზრდა საზოგადოებას საკუთარ კიბერუსაფრთხოებაზე უფრო მეტი ყურადღების გამოჩენისკენ მიანიშნებს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, კიბერდანაშაული რამდენიმე მუხლით ისჯება, ესენია:

• მუხლი 284 - კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, ამ მუხლისთვის დაწესებული მაქსიმალური სასჯელი 5 წლამდე პატიმრობაა;
• მუხლი 285 - კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება, ამ მუხლისთვის მაქსიმალური სასჯელი 3-წლიანი პატიმრობაა;
• მუხლი 286 - კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა, ამ მუხლისთვის მაქსიმალური სასჯელი 5 წლამდე პატიმრობაა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს სხვა კატეგორიის დანაშაულების რაოდენობაც მკვეთრად გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 თვის განმავლობაში სულ 53,637 კანონდარღვვევა აღრიცხა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 58%-ით მეტია. ამასთანავე, 2017 წელს არსებული 54%-დან დანაშაულების გახსნის მაჩვენებელი 34%-მდე არის შემცირებული.