მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შორენა პატარიძე: "ალექსანდროულისა და მუჯურეთულისგან მშრალი ღვინის დამზადება შევძელით''

5c42009a392be
მაია ბიწაძე
19.01.19 00:45
2067
შორენა პატარიძემ საოჯახო მარანში ახალი  ღვინო დაამზადა.

როგორ Bm.ge-ის მეღვინემ განუცხადა, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ყურძნისგან მშრალი ღვინის დაყენება შეძლო.

როგორც წესი, ამ ჯიშის ყურძნით ნახევრადტკბილი ღვინო ,,ხვანჭკარა“ იწარმოება.

,,პატარიძეების რაჭულის“ სახელწოდებით შორენა პატარაიძე ღვინოს უკვე მესამე წელია ამზადებს; თავდაპირველად ნახევრადმშრალი ღვინის წარმოება შეძლო, შემდეგ კი, მშრალი ღვინოც დაამზადა;

ამბობს, რომ ეს მისთვის ერთგვარი გამოწვევა იყო და ექსპერიმენტმაც წარმატებით ჩაიარა.

წელს ბაზარზე 1000 ბოთლი მშრალი ,,პატარიძეების რაჭული“ გაიყიდება.

„ისტორიულად ცნობილია, რომ პირველად რაჭაში ალექსანდროულისა და მუჯურეთულისგან მშრალი ღვინო ძმებმა, დიმიტრი და ლუარსაბ ყიფიანებმა დაამზადეს, რომელიც ,,ყიფიანის რაჭულის“ სახელწოდებით გამოდიოდა; ღვინოს მუჯურეთულისა და ალექსანდროულის ჯიშებისთვის დამახასიათებელი ტკბილი ტონები გასდევდა, თუმცა ის მშრალი იყო. საბჭოთა პერიოდში, რუსული გემოვნების გავლენით, რომლებსაც ძირითადად ტკბილი ღვინო მოსწონთ, შაქრის დამატება დაიწყეს და ღვინოც ნახევრადტკბილი გახდა; ასე რაოდენობრივადაც უფრო მეტის წარმოება შეძლეს.

გადავწყვიტე ძველი ტრადიცია აღმედგინა, პირადად დავრჩი რაჭაში და ღვინო თავად დავამზადე. შაქარი რომ ბოლომდე დაშლილიყო, პირველ რიგში, მარანში სტაბილურად მაღალი ტემპერატურა უნდა შემენარჩუნებინა; ბევრი ღამის გათენება მომიწია, მაგრამ შედეგი ამად ღირდა. მინდა ავღნიშნო, რომ რამდენიმე მეღვინეს ჰქონდა მცდელობა მშრალი ღვინო დაემზადებინა, გამოუვიდათ კიდეც, მაგრამ ამისთვის მუჯურეთულსა და ალექსანდროულს საფერავი შეურიეს, მე კი ეს ამის გარეშე შევძელი“, - განაცხადა შორენა პატარიძემ Bm.ge-თან საუბრისას.

მისივე განმარტებით, ევროპასა და სხვა საექსპორტო ბაზრებზე მოთხოვნა ძირითადად მშრალ ღვინოზეა.

,,პატარიძეების რაჭული“ ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებში და ბარებში გაიყიდება, ნაწილი კი, ექსპორტზე გავა. ბოთლის გასაყიდი ფასი საქართველოში 65 ლარიდან იწყება.