მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შენობებში შესაძლო დეფექტების დაზღვევა სავალდებულო სავარაუდოდ, ათი წლის მანძილზე იქნება

59797d8cd04ce
დავით ჯალაღონია
27.07.17 09:41
1401
დასრულებულ მშენებლობებში შესაძლო დეფექტების დაზღვევა სავალდებულო სავარაუდოდ, ათი წლის მანძილზე იქნება. როგორც სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილმა „საქმის კურსს“ განუცხადა, სწორედ ამ ვადაზე იყო საუბარი ეკონომიკის სამინისტროში სამშენებლო და სადაზღვევო კომპანიებთან გამართულ შეხვედრებზე.

"ათწლიანი, ანუ ძალიან გრძელი პერიოდით უნდა აიღოს ეს ვალდებულება სადაზღვევო ინდუსტრიამ. მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მშენებლობის პროცესში ტექნიკური ზედამხედველობა გამართული იყოს. სწორედ ამასთან არის დაკავშირებული ასეთი ტიპის დაზღვევის შემოღება. ეკონომიკის სამინისტრომ თქვა, რომ ისინი უახლოეს პერიოდში გეგმავენ ძალიან მაღალი ხარისხის ტექნიკური ზედამხედველობის შემოღებას“, - განაცხადა ხეჩინაშვილმა.

მისი აზრით, აღნიშნული ვალდებულება მძიმე ტვირთი არა სამშენებლო, არამედ სადაზღვევო სექტორისთვის იქნება, რადგან „ყოველი წელი ზრდის ფარული დეფექტის გამოვლენის რისკს“. მიუხედავად ამისა, ხეჩინაშვილი დაზღვევის ამ ახალი პაკეტის დანერგვას არ ეწინააღმდეგება.

"ყველაზე კარგად არის დაცული საბოლოო მფლობელი. ეს არის იდეა. 10 წელზე იმიტომ ვლაპარაკობდით, რომ ევროპის ქვეყნებში, მაგალითად საფრანგეთში, ესპანეთში და სხვაგან, არსებობს დაზღვევის ასეთი ფორმა - - დეცინალი, იგივე ათწლიანი ფორმა. ეს სავალდებული სახით არის ბევრ ქვეყანაში გავრცელებული“, - აღნიშნა ხეჩინაშვილმა.
რაც შეეხება ამ სადაზღვევო პაკეტის ღირებულებას, დევი ხეჩინაშვილის ინფორმაციით, ეს საკითხი ჯერ დაზუსტებული არ არის.

„წარმოდგენილი იყო ერთგვარი ცხრილი, დაალხოებით, იმის მიხედვით, თუ რა ეღირება კონსტრუქცია, შემდეგ ინდექსირება უნდა მოხდეს წლების განმავლობაში და ასევე, საბოლოო ღირებულება დამოკიდებულია განაშენიანების ფართობზე. არ მინდა წინასწარ ზუსტი ციფრები ვთქვა, მაგრამ ეს არის ნამდვილად რამდენიმე დოლარი კვადრატულ მეტრზე მთელი ათი წლის განმავლობაში. რაც უფრო პატარა ფართია, პაკეტი უფრო ძვირია“, - განმარტა სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარემ.

რამდენად მაღალია დასრულებულ საცხოვრებელ ობიექტებში დეფექტების გამოვლენის ალბათობა, სადაზღვევო ინდუსტრიას ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.
„სამწუხაროდ, არავითარი სტატისტიკა არ არსებობს“, - აღნიშნა დავი ხეჩინაშვილმა.