მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოსავლების სამსახური თიზ-ებზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

5953b3f7deb28
BM.GE
28.06.17 17:50
1541
შემოსავლების სამსახური თიზ-ებზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ამის შესახებ უწყების მიერ "საქმის კურსისთვის" მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ 2015 წლის აპრილში გამოთხოვილია ინფორმაცია, რომელიც შემოსავლების სამსახურის მოსაზრებით განეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას, შესაბამისად შემოსავლების სამსახურმა უარი განაცხადა აღნიშნული ინფორმაციის გაცემაზე. აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში გაკეთებული განმარტებები ჩვენი მოსაზრებით ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ აღნიშნული სახის დავებზე ადრე გაკეთებულ განმარტებებს და ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებას. ამდენად თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება დადგენილი წესით გასაჩივრებულ იქნება საქართველოს უზენაეს სასამართლოში ხოლო საკასაციო საჩივარში დასაბუთებული იქნება შემოსავლების სამსახურის პოზიცია",- ნათქვამია განცხადებაში.

2015 წლის 16 აპრილს, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI) საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ განცხადებით მიმართა სსიპ "შემოსავლების სამსახურს" და მოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, განხორციელდა თუ არა შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოში არსებული თითოეული თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შემოწმება და ასეთი შემოწმების განხორციელების შემთხვევაში მოითხოვა მათი ამსახველი დასკვნები და ოქმები. 2015 წლის 4 მაისის წერილით შემოსავლების სამსახურმა უარი განაცხადა ამ ინფორმაციის გაცემაზე და აღნიშნა, რომ ის წარმოადგენდა საგადასახადო საიდუმლოებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილებით, IDFI-ის სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით. სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.