მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შალვა ალავერდაშვილი: "მინისტრმა ტურიზმის სექტორის გულისტკივილი მოისმინა და ჩაიწერა"

5c3f6ce110691
თელარა გელანტია
16.01.19 21:41
1439
სასტუმროების მენეჯერ შალვა ალავერდაშვილის თქმით, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიასთან შეხვედრაზე დარგში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

როგორც ალავერდაშვილმა bm.ge-ის განუცხადა, თავის მხრივ, მინისტრმა მათ სამინისტროს გეგმებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

„მინისტრმა გაგვაცნო, თუ რას გეგმავენ 2019 წელს ტურიზმის სფეროში; ასევე მოისმინა სექტორის გულისტკივილი და ჩაიწერა. მე ტრადიციულად ბალნეოლოგიური ტურიზმის განვითარების და ხელშეწყობის საჭიროებებზე ვისაუბრე. საქმე იმაშია, რომ ევროპელი ტურისტები არ ცნობენ საბჭოთა კავშირის დროინდელ კვლევებს თუ შეფასებებს ბორჯომის, საირმის თუ წყალტუბოს სამკურნალო თვისებების შესახებ, ამიტომ საჭიროა, გარკვეული კომპეტენტური ინსტიტუციის ჩამოყალიბება, რომელსაც ენდობა უცხოელი ტურისტი; ამისთვის საჭიროა, მინიმუმ 2-3 წლიანი დაკვირვება კურორტებზე. მინისტრმა ეს ყველაფერი ჩაინიშნა, თან აღნიშნა, რომ კარგი იდეაა“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ინვესტორთა საბჭოს ინიციატივით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევები და მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქობულიამ შეხვედრაზე მოწვეულ კომპანიებთან პრეზენტაცია ჩაატარა და მათ დეტალურად გააცნო ეკონომიკის სამინისტროს სტრატეგია, რომელიც ტურიზმის სექტორის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის სამომავლოდ არაერთ მნიშვნელოვან მიმართულებას ითვალისწინებს.

„ეს არის ხალხი, ვინც რეალურად წარმოადგენს ტურიზმის სექტორს და იცის ტურიზმის პრობლემების შესახებ. მისასალმებელია, რომ მათ მოიწონეს ჩვენი ხედვა და გაგვიმტკიცეს განცდა, რომ ტურიზმის განვითარების ჩვენი სტრატეგია პრინციპულად სწორია, თუმცა, ჩვენ ასევე მოვისმინეთ მათი მოსაზრებები იმ სფეროებზე, რომელსაც მეტი გაუმჯობესება სჭირდება. მათ შორის, საუბარია, ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, როგორიცაა, მაგალითად, დიდი ტევადობის საკონფერენციო სივრცეების შექმნა თბილისსა და ბათუმში. რა თქმა უნდა, მზად ვართ გავითვალისწინოთ ტურიზმის საბჭოს ყველა კომენტარი და ვფიქრობ, ასეთი საერთო ძალისხმევით კიდევ უფრო მეტ შედეგებს მივაღწევთ“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.