მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკთან მოქალაქეები ბინის გაქირავებისთბის წყლის კომერციული ტარიფის გადახდას გააპროტესტებენ

5c13d22fe695b
BM.GE
14.12.18 19:53
893
15 დეკემბერს 12:00-ზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის წინ აქცია იგეგმება. მოქალაქეები გააპროტესტებენ სემეკ-ის დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ახალი რეგულაციის მიღებამდე იმ პირებს, რომლებიც საკუთარ სახლებს ან საოჯახო სასტუმროს აქირავებენ, წყლის არასაყოფაცხოვრებო ტარიფის გადახდა მოუწევთ.

“საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) გადაწყვეტილებით ადამიანებმა, ვინც AirBnB-ს, Booking.com-ის ან სხვა მსგავსი ონლაინ პლათფორმების მეშვეობით აქირავებენ ბინებს, უნდა გადაიხადონ წყლის კომერციული ტარიფი.

კომერციული ტარიფი სამომხმარებლო ტარიფზე 14-ჯერ მაღალია და შეადგენს ერთ კუბურ მეტრზე 4.4 ლარს ნაცვლად 0.32 თეთრისა. ეს დისკრიმინაციული გადაწყვეტილება სრულიად უთანასწორო მდგომარეობაში ჩააყენებს ამ ადამიანს, მათ წინაშე ვინც მაგალითად მაკლერის მეშვეობით გააქირავებს ბინას და ჩვეულებრივად გადაიხდის სამომხმარებლო ტარიფს.

დღეს თუ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას არ შევეწინააღმდეგეთ ხვალ კომერციულ ტარიფებზე გადასვლას მოგვთხოვენ სხვა კომუნალური სერვისების მომწოდებელი კომპანიებიც (მაგ. თელასი, მაგთი, დასუფთავება), რაც სრულიად არასარფიანს გახდის ამ საქმიანობას.

შესაბამისად, Airbnb-ის და Booking.com-ის მომხმარებლები შაბათს 12:00 საათზე ვიკრიბებით სემეკის შენობის ცენტრალურ შესასვლელთან, იმისთვის რომ მოვითხოვოთ თანასწორი უფლებები და ჩვენი საქმიანობისთვის ხელის შემშლელი ბარიერების გაუქმება! უფრო კონკრეტულად, ჩვენი მოთხოვნაა რომ კომუნალურ სერვისებზე კომერციული ტარიფის ნაცვლად დაგვეკისროს სამომხმარებლო ტარიფის გადახდა, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს ვინც აქირავებს ბინას სხვა გზებით,”- წერია facebook-ის მეშვეობით შექმნილი ღონისძიების ანონსში.

სემეკ-ის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების მიხედვით, “იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი ტიპის საჩივრები არაერთი დაფიქსირდა, კომისიის გადაწყვეტილებით, დაწყებულია მუშაობა რეგულაციებიებზე, რომელიც გულისხმობს ახალი მიდგომების შემუშავებას ასეთი ტიპის მომხმარებლებისათვის.”

მომხმარებელთა ინტერესებს სემეკში ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი იცავს. მისი შეფასებით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით იმ პირებისთვის, რომლებიც Airbnb-ისა თუ Booking.com-ის მეშვეობით საკუთარ საცხოვრებელ სახლებს დღიურად აქირავებენ, არასაყოფაცხოვრებო წყლის ტარიფის მიკუთვნება არასწორია.