მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სებ-ს შეუძლია ბანკის ადმინისტრატორებზე გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღება"

5c68fda622613
ელენე კვანჭილაშვილი
17.02.19 11:00
1029
„სასამართლოში დავა მიმდინარეობს და უნდა დაველოდოთ მის შედეგს“ - ასე უპასუხა საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ „ანალიტიკა“-ს ავტორისა და წამყვანის - ელენე კვანჭილაშვილის კითხვას: რამდენად არგუმენტირებულია მისთვის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება?

კითხვა ეხებოდა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენება 2 თვის ვადაში მოითხოვა. ამასთან, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს სამეთვალყურეო საბჭოში ხელმოწერის უფლება შეუჩერა.

ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება თიბისი ბანკმა სასამართლოში გაასაჩივრა. 15 თებერვალს თიბისი ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია: "დღეს, თიბისი ბანკმა სარჩელი შეიტანა ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით. თიბისი ბანკი აგრძელებს დავას და არ ეთანხმება ეროვნული ბანკის პოზიციას, რომ 2007-2008 წლების ტრანზაქციებით თიბისი ბანკმა მოახდინა ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა".

რაც შეეხება იმას, ჰქონდა თუ არა ეროვნულ ბანკს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დროებით გადაყენების მოთხოვნის უფლება, ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ ჰქონდა. „ეროვნულ ბანკს იურიდიულად შეუძლია ერთპიროვნულად ბანკის ადმინისტრატორებთან დაკავშირებით ამ გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, რამდენად არგუმენტირებულია ეს მოთხოვნა - ამისთვის სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ“ - განმარტა ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა „ანალიტიკა“-სთან საუბარში.

ეროვნული ბანკის განცხადების შემდეგ, 24 საათის განმავლობაში, თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე 52 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაკარგა.