მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი დადგენილზე სწრაფად იწურება

5c0bb14a5003a
BM.GE
08.12.18 15:49
838
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 713-მილიონიანი ბიუჯეტი იწურება. სახელმწიფო ხაზინის ოპერატიული მონაცემების მიხედვით,  7 დეკემბრის მდგომარეობით 698.7 მილიონი ლარი უკვე დახარჯულია, 2018 წლის ბოლომდე დასახარჯი მხოლოდ 14.3 მილიონი რჩება.

იმ შემთხვევაში თუ ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის ათვისების არსებული ტემპი გაგრძელდა, 14 მილიონი ლარი სავარაუდოდ, 16-17 დეკემბრამდე იქნება საკმარისი, ამ თარიღის შემდგომ ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის სავარაუდოდ, დამატებითი რესურსების გამოყოფა მოუწევს.

ბიუჯეტის დადგენილზე ჩქარა ათვისება სავარაუდოდ, საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებზე მოთხოვნის ზრდას უკავშირდება. იმისთვის, რათა პროგრამის ბიუჯეტი მთელი წლის განმავლობაში ყოფილიყო საკმარისი, დღეში საშუალოდ 1.95 მილიონი ლარი უნდა დახარჯულიყო, თუმცა ფაქტობრივმა ხარჯვამ დღეში საშუალოდ 2.05 მილიონი ლარი შეადგინა. შესაბამისად, 7 დეკემბრის მდგომარეობით ათვისებული არა 698.7 მილიონი ლარი, არამედ 664 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო.

საყოევლთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 2017 წელსაც ვადაზე ადრე ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის გადასარჩენად 40 მილიონის სახით დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. წელსაც თუ ხარჯვის არსებული ტემპი გაგრძელდა, დაახლოებით 37 მილიონი ლარის დამატება გახდება საჭირო. შედეგად საყოველთაო ჯანდაცვის ფაქტობრივი ბიუჯეტი 750 მილიონ ლარს მიაღწევს.

მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი არც 2016 და 2015 წლებშიც არ ეყო. 2016 წლის 7 ნოემბერს პროგრამის 570-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის საპასუხოდაც ჯანდაცვის სამინისტრომ მას საკუთარი შიდა რესურსების გადაჯგუფებით 35 მილიონი ლარი დაუმატა. დამატებული 35 მილიონი 12 დეკემბერს ამოიწურა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრომ მას კიდევ 18 მილიონი დაუმატა.

ანალოგიური შემთხვევა მოხდა 2015 წელსაც, როდესაც პროგრამის ბიუჯეტი ნოემბერში ამოიწურა, რის გამოც მთავრობამ მის დასაფინანსებლად ბიუჯეტის კორექტირება მოახდინა და პროგრამას 100 მილიონი ლარი დაამატა.

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვაზე მისამართი თანხა სოციალური დახმარებების გაცემის მუხლს მოაკლო.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვაზე 754 მილიონი ლარია გამოყოფილი.