მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავალუტო ბაზრების მიმოხილვა

59c0b373cec12
BM.GE
19.09.17 10:03
944
გუშინ სავაჭრო დღის ბოლოს დოლარი გაძვირდა ძირითადი სავალუტო კალათის მიმართ. ამერიკის ხაზინის შემოსავალი გაიზარდა. ინვესტორები მოელიან, რომ ცენტრალური ბანკი მასობრივ, 4.5 ტრილიონიანი ობლიგაციების პორტფელს პირს მოხსნის.

ამასთანავე, ბაზრის მოთამაშეები ფიქრობენ, რომ ფედერალური სარეზერვო ბანკი დაადასტურებს რეფინანსირების განაკვეთის წელსვე გაზრდის გეგმას, მას შემდეგ რაც დასრულდება ორდღიანი შეხვედრა, რომელიც სამომავლო პოლიტიკას განსაზღვრავს. შეხვედრა დღეს იწყება.

ინვესტორები ცდილობენ გამოიცნონ, რამდენად იმოქმედებს ინფლაციის შენელებული ტემპი ცენტრალური ბანკის გრძელვადიან ხედვაზე საპროცენტო განაკვეთების შესახებ. ყოველ შემთხვევაში ისინი უფრო დიდ რისკს სტატუს კვოს შენარჩუნებაში ხედავენ.

დოლარის გაძვირებამ გირვანქა სტერლინგის ზრდა შეაფერხა, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა 15 თვის უმაღლეს წერტილს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ინგლისის ეროვნული ბანკის მმართველიც ამბობს, რომ საპროცენტო განაკვეთის გაზრდა ბრიტანეთში მომდევნო რამდენიმე თვეში მოხდება.

გირვანქა სტერლინგის ფასი დღეს ოდნავ ჩამოუვარდება დოლარსა და 34 ცენტს. ევროს ფასი კი დოლარსა და 19.5 ცენტს ქვეშაა. იაპონური იენიც იაფდება. ერთი დოლარი 111.5 იენი ღირს.

ჩინეთის აკრძალვა ბიტკოინმა დაძლია და ისევ ზრდის გზაზეა. შეგახსენებთ, ბიტკოინის ფასი 3000 დოლარს ქვემოთაც წავიდა ამ აკრძალვის შემდეგ, რომელიც გასული კვირის დასაწყისში დააწყდა ბაზარს, მაგრამ დღეს უდიდესი კრიპტოვალუტის ფასი 4000 დოლარს აჭარბებს.

ჩინეთის წილი ბიტკოინის გაცვლებში დაახლოებით 12% იყო. ინვესტორებმა ჭკვიანურად გამოიყენეს ჩინეთის მთავრობის საქციელი. დაელოდნენ, სანამ ბიტკოინი გაიაფდებოდა და შემდეგ კი იაფად შეიძინეს კრიპტოვალუტა, მოთხოვნამ ბიტკოინის ფასი კვლავ გაზარდა.

ახლა იაპონია ბიტკოინის გაცვლის ყველაზე დიდი ბაზარია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაცვლის ბაზრის ნახევარზე მეტი სწორედ ამ ქვეყანას უჭირავს. აღსანიშნავია ისიც,რომ მიუხედავად ჯეი პი მორგან ჩეიზის დირექტორის ქოთქოთისა ბიტკოინის შესახებ, მისი კომპანია აგრძელებს კლიენტების ამ მიმართულებით მომსახურებას.

ბიტკოინის გარდა გაიზარდა ბიტკოინ ქეშის ფასიც, რომელიც 470 დოლარს ასცდა და ასევე, ეთერიუმის ფასიც, რომელიც გუშინ თითქმის 13%-ით გაძვირდა. ერთი ეთერიუმის ფასი ახლა 290 დოლარს აღწევს.