მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოუწყობელი ახალციხის ხელოვნური ტბა

BM.GE
01.07.19 12:14
1790
ტურისტული სეზონს ახალციხის ხელოვნური ტბა ისევ მოუწყობელი ინფრასტრუქტურით შეხვდა. აქ ნავმისადგომის რეაბილიტაცია და ნავების ახალი ბაქანის გაკეთება იგეგმება. ხელშეკრულება მზადდება ტბის მკვებავი მილსადენის სათავე-ნაგებობის მოწესრიგებისთვისაც.მაისიდან ახალციხის ტბაზე განტვირთვის და ვარჯიშის მსურველთა რაოდენობამ იმატა. მათი უმრავლესობა აქ საღამოს მოდის. გასართობად მოჰყავთ მცირეწლოვნებიც. ტბის ტერიტორიაზე დასვენების მსურველთა ნაწილი ამბობს, რომ ტერიტორია კეთილმოწყობილი არ არის. გარდა ამისა, საღამოს აქ ხალხთან ერთად თავს იყრიან მიუსაფარი ძაღლებიც.

ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ხელოვნურ ტბასთან სხვადასხვა გასართობის და დასასვენებელი ადგილის მოწყობაა შესაძლებელი.ახალციხელი დავით ბახტაძე ამბობს, რომ ტბაზე, ძირითადად, საღამოს, მეგობრებთან ერთად მიდის: „ქალაქში ერთი ეს ადგილია, სადაც შეგიძლია, საღამოს გამოხვიდე. ძირითადად, სამსახურის შემდეგ მოვდივართ. ამ ადგილზე ბევრი რამის დამატება შეიძლება. მაგალითად, ბავშვების გასართობი ადგილები არ არის, კაფე, ყავის დალევაც შუძლებელია, პატარა რესტორანიც კარგი იქნება“. „ხელოვნური ტბის“ ტერიტორიაზე ინფრასტრუქუტურის მოწესრიგება ივნისში დაიწყო. ტენდერში შპს „პერსპექტივამ“ გაიმარჯვა, რომელიც სამუშაოებს 21 248 ლარად შეასრულებს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, აქ არსებული ნავმისადგომის რეაბილიტაცია და ახალი მისადგომი ბაქანის მოწყობა აგვისტოს შუა რიცხვებში დასრულდება.

ააიპ „ახალციხის წყალმომარაგებისა და წყალანირების“ ხელმძღვანელი ჯემალ გიორგაძე ამბობს, რომ ტბის ტერიტორიაზე არსებული სამუშაოები ტენდერით განსაზღვრულ ვადებში დასრულდება და დაჩქარების შესაძლებლობა არ აქვთ: „ტენდერი მერიამ გამოაცხადა და გამარჯვებულ კომპანიას თავისი ვადა აქვს, რომ დაასრულოს“. მისივე თქმით, იგეგმება ხელოვნური ტბის მკვებავი მილსადენის სათავე-ნაგებობის მოწყობაც. ამისთვის კიდევ ერთი ტენდერი გამოცხადდა. შპს „არო“ სამუშაოებს 44 861 ლარად შეასრულებს. კომპანიასთან, ამ ეტაპზე, ხელშეკრულება ფორმდება.


http://sknews.ge/index.php?newsid=23304.