მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლომ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეაჩერა

5953668c68714
სალომე მეცხვარიშვილი
28.06.17 12:34
1445
საქალაქო სასამართლომ კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეაჩერა. სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე სატელეკომუნიკაციო კომპანიის საჩივრის საფუძველზე მიიღო. სასამართლოში სარჩელი შეიტანეს: შპს "მაიფონმა", "სითი ტელეკომმა" და "ქართულმა სატელეფონო კომპანია ჯტს-მ".

საუბარია კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც, დადგინდა საერთაშორისო ზარის დასრულების ტარიფები, კერძოდ:

ა) მოძრავ საკომუნიკაციო ქსელში ზარის დასრულება: 0.22 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი (გადასახადების ჩათვლით);

ბ) ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელში ზარის დასრულება: 0.12 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი (გადასახადების ჩათვლით);

მომჩივანი მხარე - მცირე სატელეკომუნიკაცია კომპანიები - მიუთითებს, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების მოქმედების პირობებში მოსარჩელეები მოკლებული არიან შესაძლებელობას, იყვნენ საერთაშორისო ზარების განხორციელებისას ბაზრის კონკურენტუნარიანი მონაწილეები და შესაბამისად, ამ ბაზარზე საქმიანობით მიიღონ მოგება.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში კი ნათქვამია რომ სარჩელში მითითითებული გარემოებები ქმნის დასაბუთებულ ეჭვს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეუჩერებლობით არსებით ზიანს მიაყენებს მოსარჩელე მხარეს, გართულდება მოსარჩელის უფლების რეალიზაცია და მომავალში მისი კანონიერი უფლების და ინტერესის დაცვა შეუძლებელი გახდება. შესაბამისად, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, მარეგულირებლის გადაწყვეტილება ამ ნაწილში გაუქმდეს.

კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საერთაშორისო ზარის განხორციელებაზე ტარიფები 19 მაისის სხდომაზე დაადგინა. საერთაშორისო ზარების დასრულებაზე ერთიანი ტარიფების დადგენა მოითხოვეს შპს ,"ჯეოსელმა", შპს "მაგთიკომმა", შპს "მობიტელმა", სს "სილქნეტმა" და შპს "ახალმა ქსელებმა".

თუმცა, ამავე სხდომაზე მცირე ოპერატორებმა წარმოადგინეს ერთობლივი წერილი, სადაც აღნიშნავდნენ, რომ აუცილებელია, დადგინდეს დიფირენცირებული ტარიფი, რაც საშუალებას მისცემს ტრანზიტულ ოპერატორებს საერთაშორისო ბაზარზე კონკურენცია გაუწიონ ქსელის მფლობელ ოპერატორებს. ეს მოთხოვნა წარმოადგინეს შემდეგმა ოპერატორებმა: შპს "გუდვილკომმა", სს "გლობალ ერთმა", შპს "კავკასუს ონლაინმა', შპს "ალექს დეველოპმენტ ჯორჯიამ", შპს"მაიფონმა", შპს "პრემიუმ ნეტ ინტერნეიშენალმა" და შპს "ქართული სატელეკომუნიკაციო კომპანიამ", ასევე ააიპ 'საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციამ“.

თუმცა, კომისიამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სხდომაზე აღინიშნა, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ყველა ავტორიზებული პირი უნდა იყოს თანაბარ კონკურენტულ პირობებში, შესაბამისად ერთი და იგივე მომსახურებაზე ავტორიზებული პირებისთვის სხვადასხვა ტარიფების დაწესება არ უზრუნველყოფს ბაზარზე მათი საქმიანობის კონკურენტულ პირობებთან თავსებადობას.

სასამართლომ კი კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება ნაწილობრივ 19 ივნისს გააუქმა.