მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქსტატი: საქართველოში კაცის საშუალო ხელფასი თვეში 1468 ლარია, ქალის - 906 ლარი

5c8f5927d6aaa
BM.GE
18.03.19 12:42
21970
საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში გაცემული საშუალო ხელფასის მოცულობა 1202 ლარი იყო. ეს ერთი წლის წინ არსებულ მაჩვენებელს 61 ლარით აღემატება. 

სტატისტიკის მიხედვით, კაცების მიერ მიღებული ხელფასების საშუალო მაჩვენებელი ქალების ხელფასებისგან განსხვავდება. 

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოში კაცების მიერ მიღებული ხელფასების საშუალო მაჩვენებელი თვეში 1468 ლარია, ხოლო ქალების მიერ მიღებული ხელფასი ამაზე 562 ლარით ნაკლებია და 906 ლარს შეადგენს. 

ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოში კაცის ხელფასი ქალის ხელფასზე საშუალოდ 38%-ით მეტია.

ეს არ ნიშნავს, რომ ერთსა და იმავე პოზიციაზე მომუშავე ქალების და კაცების ხელფასები 38%-ით განსხვავდება, ეს ნიშნავს, რომ ქალების მიერ შესრულებული მთლიანი სამუშაოს ღირებულება გაყოფილი კონტრაქტით დასაქმებული ქალების რაოდენობაზე, არის 38%-ით უფრო ნაკლები, ვიდრე კაცების მიერ შესრულებული მთლიანი სამუშაოს ღირებულება, გაყოფილი დასაქმებული კაცების რაოდენობაზე. 

სტატისტიკა მიანიშნებს იმაზე, რომ ქალები დღეს უფრო დაბალანაზღაურებად პოზიციებზე მუშაობენ, ვიდრე - კაცები. 

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის - Gender Gap-ის მიხედვით, საქართველო ქალებისა და კაცების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მსოფლიოში 94-ე ადგილზეა. ამ მხრივ, პირველები ისლანდია, ნორვეგია და ფინეთია. 

2018 წლის IV კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასმა ბიზნეს სექტორში 1318.7 ლარი შეადგინა (წლიური ზრდა 77.2 ლარი). საქმიანობის სახეების მიხედვით, მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2484.9 ლარი, წლიური ზრდა 0.8 პროცენტი), ასევე მშენებლობის (1968.0 ლარი, წლიური ზრდა -1.5 პროცენტი) დარგში ფიქსირდება:

აღნიშნული სტატისტიკა მხოლოდ დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასებიდან არის შემდგარი; შესაბამისად, ის არ მოიცავს ინფორმაციას, იმ ათასობით ადამიანის საშუალო შემოსავლის შესახებ, რომლებიც ამა თუ იმ სექტორში არაფორმალურად, კონტრაქტის გარეშე მუშაობენ ან წარმოადგენენ თვითდასაქმებულებს.