04.მაისი.2016 17:24
ბიზნესი

საქართველოში სიგარეტების იმპორტი გაორმაგდა - შეამცირა თუ არა აქციზის გაზრდამ თამბაქოს რეალიზაცია?

საქართველოში სიგარეტების იმპორტი გაორმაგდა - შეამცირა თუ არა აქციზის გაზრდამ თამბაქოს რეალიზაცია?
საქართველოში სიგარეტების იმპორტი გაორმაგებულია. მაშინ, როდესაც ხელისუფლების მიზანი თამბაქოს მოხმარების შემცირებაა და ამ მიზნით ქვეყანა პროდუქციაზე გადასახადებს ზრდის, ხოლო იმპორტიორები გაყიდვების შემცირებაზე საუბრობენ, გაუგებარია, რამ გამოიწვია იმპორტის ზრდა.
 
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში დაახლოებით 11 მილიონი დოლარის ღირებულების სიგარეტი შემოვიდა, წელს კი იმავე პერიოდში ამ მაჩვენებელმა 20,5 მილიონი დოლარი შეადგინა.

რამდენიმე კვირის წინ იმპორტიორებზე დაყრდნობით "კომერსანტი“ წერდა, რომ თამბაქოს გაყიდვები შემცირებულია. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, რამ განაპირობა ქვეყანაში იმ პროდუქციის შემოტანის ზრდა, რაზეც მოსახლეობის მოთხოვნა მცირდება?

სიგარეტის დისტრიბუტორ კომპანიებს ამ საკითხზე მკაფიო პასუხი არ აქვთ.

როგორც "კომერსანტთან“ საუბრისას "ჯეი თი აი კავკასიის" კომუნიკაციების სპეციალისტი ივა ხასია აცხადებს, ბაზარზე რადიკალური ცვლილებები არც ზრდის და არც კლების მიმართულებით არ არის, ამიტომ მისთვის ოფიციალური სტატისტიკა გაუგებარია.

მისი თქმით, აქციზის განაკვეთის ზრდის შემდეგ ცვლილებები ნამდვილად მოხდა და მოსახლეობა დაბალფასიან სიგარეტზე გადავიდა.

"მაღალფასიანი სეგმენტებიდან დაბალ და საშუალოსეგმენტზე მოხდა გადმოსვლა. კონკურენტებზე მე ვერ გავაკეთებ კომენტარს, თუმცა, ბაზრის მოცულობის ცვლილება - მკვეთრი გაზრდის ან შემცირების მიმართულებით - არ გვაქვს. ერთადერთი რა ტენდენციაც არის, გაზრდილია უკანონო შემოტანის მცდელობები“,- აცხადებს ივა ხასია.

მისივე თქმით, თუ სტატისტიკა ამ მოცულობის ცვლილებას აჩვენებს, ამას ბაზარზეც უნდა მოეხდინა გავლენა, თუმცა, ასე არ მომხდარა.

სიგარეტის დისტრიბუტორი კომპანიის „იმპერიალ ტობაკოს“ წარმომადგენელი კავკასიაში ირაკლი ნადარეიშვილი კი "კომერსანტთან“ ამბობს, რომ იმპორტისა და გაყიდვების მაჩვენებელი ერთმანეთთან პირდაპირ კორელაციაში არ არის, მით უმეტეს ისეთ მცირე პერიოდში, როგორიც 3 თვეა.

"წლის დასაწყისში კომპანიები აკეთებენ გარკვეულ მარაგებს და არ არის აუცილებელი, რომ იმ კონკრეტული თვეებისთვის იყოს განკუთვნილი ეს მარაგები, შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში იყოს გადანაწილებული. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პირველ კვარტალში მოხდა მარაგების დაგროვება, თუმცა, ეს უფრო მეტ პერიოდზეა გათვლილი, ვიდრე 3 თვე. იმპორტის მაღალი მაჩვენებელი არ ნიშნავს იმავე პერიოდში გაზრდილ გაყიდვებს. შესაძლოა, მეორე კვარტალში მარაგების ხარჯზე გვქონდეს 50%-ით ნაკლები იმპორტი, ვიდრე პირველ კვარტალში",- აცხადებს ირაკლი ნადარეიშვილი.

მისივე თქმით, 2015 წლისთვის აქციზი გაიზარდა და კომპანიებმა 2014 წლის დეკემბერში მოიმარაგეს პროდუქცია, შესაბამისად, პირველ კვარტალში კლება ამას უკავშირდება.

"შეიძლება მკითხოთ, რომ წელსაც გაიზარდა აქციზი და ეს სწორი კითხვა იქნება, მაგრამ ამაზე მე ვერ მოგცემთ პასუხს, რადგან ყველა კომპანიას თავისი სტრატეგია აქვს, რომელიც მათი კომერციული ინფორმაციაა. რთულია, დაზუსტებით ამაზე საუბარი. ჩვენ საკმაოდ მცირე მოცულობა გვაქვს ბაზრის და ჩვენი ქცევა ბაზარზე ვერ განსაზღვრავს ცვლილებებს. ფაქტია, რომ ბაზარი მეტ-ნაკლებად სტაბილურია",- აცხადებს ირაკლი ნადარეიშვილი.

"თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე კი ამბობს, რომ რეალურად თამბაქოს მოხმარება მოსახლეობას არ შეუმცირებია და ამას ადასტურებს კვლევა, რომლის პრეზენტაციასასც ალიანსი მიმდინარე კვირაში გეგმავს.

"პირიქით, ტენდენცია არის მზარდი, განსაკუთრებით გოგონებში. გასულ წელს საერთაშორისო კომპანიებმა, ვისაც დიდი მარჟა ჰქონდა, ფასები შეინარჩუნეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ გადასახადი გაეზარდათ. 500%-იანი მოგების ნაცვლად 470%-იან მოგებაზე რომ გავლენ, ამას დიდი დანაკლისი არ ექნებოდა მათთვის",- ამბობს გიორგი ბახტურიძე.

"კომერსანტი"



21.სექტემბერი.2018 15:01
320

ოსინოვსკი: საქართველოში საინვესტიციო გარემო გაუარესებულია

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 10:00
120

თბილისის მერია ბიუ-ბიუს პასუხობს

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 09:30
68

ბიუ-ბიუს ჯიხურების ბედი კვლავ გაურკვეველია

ვრცლად
20.სექტემბერი.2018 20:00
110

ქართული ჩაი "მანნა" ექსპორტზე ამერიკასა და ევროპაში გავიდა

ვრცლად
20.სექტემბერი.2018 09:00
260

"ჯორჯიან პროდაქტი"-ს ხორცპროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე გავა

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 15:41
632

კომპანიები, რომელიც მერიამ 30 000 ლარით დააჯარიმა

ვრცლად