03.მარტი.2016 16:58
ეკონომიკა

საქართველოში რკინიგზისა და პორტების ტვირთბრუნვა შემცირდა

საქართველოში რკინიგზისა და პორტების ტვირთბრუნვა შემცირდა
2015 წელს, საქართველოს რკინიგზამ სულ 14 მილიონ 100 000 ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც 2014 წელთან შედარებით 14 პროცენტით ნაკლებია. რკინიგზის ტვირთბრუნვის შემცირება პორტებში გადამუშავებული ტვირთების მოცულობის შემცირებაც გამოიწვია. ტვირთბრუნვის კლების შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ჯერჯერობით არ ავრცელებს. თემაზე გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" ეკონომისტი, გია ხუხაშვილი საუბრობს.
 
- ანალიტიკოსები ძირითადად ორ ფაქტორს გამოყოფენ - კორუფციას და სატარიფო პოლიტიკის მოუქნელობას. საკითხთან მიმართებაში თქვენი დამოკიდებულება როგორია?

- რკინიზის გადაზიდვებს თუ გავშლით, მთავარი პოზიცია ნახშირწყალბადები იყო. ნავთობპროდუქტები დაახლოებით 70-75 პროცენტს შეადგენდა. გარდა იმისა, რომ რეგიონში ზოგადი ეკონომიკური ფონი მძიმეა, ისეთი პოზიცია, როგორიც არის ნავთობი თამაშიდან საერთოდ გავიდა.

- ამის მთავარი მიზეზი რა არის?

- “შევრონთან“ იყო გრძელვადიანი ხუთწლიანი კონტრაქტი, რომელიც დასრულდა და ამის შემდეგ უკვე ნავთობი მილებში წავიდა. მოგეხსენებათ, რომ მილთან რკინიგზა კონკურენტული ვერ იქნება, მითუმეტეს, რომ მრავალკომპენენტიანი გზა აქვს გამოსავლელი და ეს ძალიან ხარჯიანი პროცედურაა, სპეციალური ტრანსნაციონალური ტრეიდერების შეთანხმება შედგა, იგივე “სოკართან“, ანუ იმ რაოდენობის გარკვეული ნაწილი იგივე საქართველოში გამავალ მილებში წავიდა. ეს არის ერთი ობიექტური მიზეზი და ეს კომპონენტი რომ დააკლდა, რამდენიმე მილიონი ტონა ჩვენი დერეფნიდან მხოლოდ აქედან გავიდა. სამწუხაროდ, ამის შევსება მშრალი ტვირთებით ვერ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ოპტიმისტური გათვლები იყო და აქ უკვე გარკვეულ სუბიექტურ პრობლემებზე შეგვიძლია ვისაუბროთ.

- ყაზახეთის მხარე გამოითიშა. რატომ ვერ მოხერხდა ყაზახური მხარის დაბრუნება, რა გახდა ამის მიზეზი?

- ფული. მარტივი რაღაცაა, თუ შესაძლებელია ნავთობის ტრეიდერსთვის, რომ ნავთობი მილით გადაზიდოს, ბუნებრივია, ის მილში გაუშვებს და არა ვაგონებით. ღირებულებაში რადიკალური განსხვავებაა, მაგრამ რატომ უნდა ატაროს ვაგონებით, როდესაც მილით უფრო სწრაფი ტრანსპორტირება შეუძლია. ეს ტენდენციის გამოძახილი იყო. ტარიფებით რომ შევადაროთ ეს დაახლოებით იგივეა ტაქსისა და ტრამვაის შედარება რომ მოვახდინოთ.

- ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მოქნილი სატარიფო პოლიტიკა უნდა გატარდეს, ამასთან დაკავშირებით, რას გვეტყოდით?

- აქ ჩვენ რიგი სუბიექტური პრობლემები გვაქვს. არც ისეა საქმე, რომ მხოლოდ ჩვენზე იყოს ყველაფერი დამოკიდებული. ჩვენ რა სატარიფო პოლიტიკაც არ უნდა გავატაროთ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს გზა მრავალკომპონენტიანია. ერთი პერიოდი რკინიგზის დირექტორი ვიყავი და ჩვენ მაშინ მცდელობა გვქონდა, რომ ასეთი ტიპის კოორდინაცია გაგვეკეთებინა, იმიტომ რომ მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ დღეს რომც დავაკლოთ ტარიფი, ეს სიტუაციას ვერ შეცვლის. ამ ყველა კომპონენტს შორის კოორდინაცია უნდა მოხდეს.

- რამდენად ხდება დღეს საბორნე გადასასვლელებთან და პორტებთან ე.წ. ლოჯისტიკური ჯაჭვის შექმნა?

- ეს სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ხერხდება. მთავარია ის, რომ ერთიანი ინტერესის განსაზღვრა ვერ მოხერხდა. ყველა მოთამაშეს თავისი სპეციფიკა აქვს. აზერბაიჯანს თავისი სპეციფიკა აქვს, ყაზახეთს თავისი და ა.შ. საქართველოს რკინიგზას კორუფცია ნაკლებად ეხება. ეს უფრო მოგონილი თემაა. იყო, რა თქმა უნდა, კეზერაშვილის სალაროები ნავთობზე, რომელიც რკინიგზას დაუბრუნდა და მოხდა ამ სალაროს გათეთრება, მაგრამ ეს კორუფციული თემებიც სპეციფიურია.

- დღეს ეს აღმოფხვრილია?

-საქართველოში ძირითადად კი. დაახლოებით 15 მილიონი დოლარი “ნაციონალური მოძრაობის’’ სალაროში მიდიოდა, იგივე "ჯორჯიან ტრანზიტის" მეშვეობით და მე შემიძლია საკუთარი თავი შევაქო, რომ ჩვენი ძლისხმევით, როდესაც ეს კომპანია სახელმწიფოს დაუბრუნდა, რკინიგზას თავისი შემოსავალი დაუბრუნდა.

- აბსოლუტურად აღმოფხვრილია ეს ყველაფერი?

- აბსოლუტურად აღმოფხვრილი რომ იყოს შეუძლებელია. იმიტომ, რომ რკინიგზა არის დიდი ორგანიზმი და იქ დანაშაული ჩვეულებრივად ხდება ისევე, როგორც სხვა სისტემაში. რაც მთავარია, ამას სისტემური ხასიათი არ აქვს. ვიღაცა თავისი რისკით თუ რაღაცას მაიმუნობს, ეს კომპეტენტური ორგანოების საქმეა. მაგრამ ის, რომ სისტემური პრობლემა იყოს ვერტიკალში, როგორც აკაკი ჩხაიძის დროს ქვემოდან ზემოთ რომ მოდიოდა და სალარო კეთდებოდა, ასე ნამდვილად აღარ არის.

- სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს შემცირებული ტვირთბრუნვა გვაქვს. საერთაშორისო ინვესტორებთან მოლაპარაკებები რამდენად ხდება?

- მცდელობები არის. ისე არ არის, ჩვენი რომ რკინიგზა შეცდომებს არ უშვებს, თუნდაც ჩვენი ხელისუფლება ამ მიმართულებით. მარტივ მაგალითს მოვიყვან - იმისათვის, რომ ინტერესი, სტიმული ჰქონდეს ამ დერეფანში ტვირთვი ამოძრაოს დავუშვათ ყაზახეთმა, მას კონკრეტული ინტერესი უნდა ჰქონდეს. ამ დროს მათი მენეჯმენტის ქვეშაა პორტი ბათუმში და სამწუხაროდ, ამ წლების განმავლობაში პრობლემა არ დარჩა, რომ მაგათთვის არ შგვექმნა და დღეს ისინი ფაქტიურად პორტიდან გასულები არიან და სულ სხვა ადამიანები აფათურებენ იქ ხელს.

- ხელის შეშლა დღესაც ხდება, არის ასეთი ტენდენცია?

- ვფიქრობ, რომ სავსებით შესაძლებელია, თუმცა ეს რკინიგზას არ ეხება. ამის პრეცენტენტები ჯერ კიდევ მაშინ იყო, როდესაც მე ხელისუფლებაში ვიყავი და ჩვენ ამის პრევენცია მოვახდინეთ. ეს ჩვეულებრივი ბიზნესი არ არის და ამ სისტემებთან შეხება ბევრი მიზეზების გამო არ შეიძლება. მათ შორის იმ მიზეზის გამო, როდესაც შენ ყაზახურ სახელმწიფო კომპანიას უბატონოდ და ცუდად მოექცევი, ბუნებრივია, ამან გადაზიდვების რისკები შეიძლება გააჩინოს. ყაზახებს კონკრეტული ინტერესი ჰქონდათ, რომ ბათუმის პორტი დასაქმებული ყოფილიყო და თუ ყაზახს სწორად არ მოექცევი, მას სტიმული აღარ ექნება იმისა, რომ ამ დერეფანში ტვირთი წამოიღოს და ალტერნატივას დაუწყებს ძებნას. მე არ ვამბობ, რომ ისინი ანგელოზები იყვნენ და ყველაფერს სწორად აკეთებდნენ, მაგრამ როდესაც ასე ექცევი პარტნიორ სახელმწიფოს, მათ როგორც შეუძლიათ გიპასუხებენ. ერთ კონკრეტულ ისტორიას მოვყვები, როდეაც მე ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ვიყავი და მათზე არაკორექტული შეხება მოხდა, მილიონიანი ტონის ტვირთის გადაზიდვის კონტრაქტი ახალი ხელმოწერილი იყო. მე ყაზახეთის ელჩმა დამირეკა და მითხრა ბათუმის პორტში ასეთი რაღაც მოხდა და ჩათვალეთ, რომ ეს კონტრქატი საერთოდ არ ყოფილა. სტანდარტული სქემით მოხდა ინვესტორის დაფრთხობა.

- ხელების ფათურზე ბრძანეთ და კონკრეტულად ვერ დაგვისახელებთ ვის გულისხმობთ?

- სახელებზე და გვარებზე არ ვილაპარაკებ, თუმცა ერთი პოზიტიური ინფორმაცია შემიძლია მოგაწოდოთ, რომ ის ადამიანები დღეს ვეღარ "ბანაობენ".

- წინა ხელისუფლებას გუსლისხმობთ?

- არა, დღევანდელ ხელისუფლებაზეა საუბარი, მაგრამ ეს უკვე წარსულშია. ის ადამიანები, ვინც ამას ბედავდა, დღეს ხელისუფლებასთან ახლოს აღარ არიან. ისინი არ არიან, მაგრამ შეიძლება სხვები გაჩნდნენ.



16.ნოემბერი.2018 19:20
420

ცემენტის ასოციაციის მიერ ჩატარებული ფარული ტესტირების შედეგები

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 18:24
116

ბანკებში 1 638 536 190 ლარის დეპოზიტებია დაზღვეული

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 17:09
96

საქაერონავიგაცია 10 თვის განმავლობაში 6.8 % -ით მეტ საჰაერო ხომალდს მოემსახურა

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 15:42
174

9 თვეში საქართველომ ტურიზმიდან 2.57 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 15:26
125

ბლოკჩეინში უკვე 1 500 000-ზე მეტი ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა განთავსებული

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 15:10
153

"სახელფასო ბიუჯეტში უმნიშვნელო ზრდა არის"

ვრცლად