მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში პირველი ბიოდიზელის საწარმო გაიხსნა

5b3f528d028b4
ელენე გოგბერაშვილი
06.07.18 15:28
1817
საქართველოში პირველი „ბიოდიზელის“ საწარმო გაიხსნა. ინიციატივა ნავთობკომპანია „ფრეგოს“ ეკუთვნის, კომპანია „ბიოდიზელ ჯორჯიასთა“ ერთად. ბიოდიზელი ალტერნატიული, განახლებადი, ეკო-მეგობრული, კარბონ-ნეიტრალური საწვავია, რომლის გამოყენებითაც ატმოსფეროში არ იზრდება ნახშირორჟანგის კონცენტრაცია, მაშინ როცა საერთაშორისო გათვლებით და გაანგარიშებებით, მხოლოდ ერთ ტონა ნავთობდიზელის დაწვით ატმოსფეროს სამ ტონამდე ნახშირორჟანგი ემატება.
„ბიოდიზელის“ დამზადებისთვის საჭირო ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს მეორადი გამოყენების საკვები ზეთი წარმოადგენს. შესაბამისად, ის კარგი საშუალებაა ეკოლოგიური გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

როგორც კომანიის გენერალური დირექტორი, მურმან პატარაია ამბობენ, საწარმოს ნედლეულის ძირითადი მომწოდები დღეის მდგომარეობით „მაკდონალდსი“ რესტორნების ქსელია. პირველ ეტაპზე საწარმოს შესაქმნელად „ბიოდიზელ ჯორჯიამ“ 1 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. მომავალში წარმადობის გაზრდის პარალელურად 10 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი.

„ბიოდიზელ ჯორჯია“ ნავთობკომპანია „ფრეგოს“ შვილობილი კომპანიაა. მისი წარმოებული პროდუქტი დღეიდან „ფრეგოს“ საცალო ქსელში უკვე იყიდება. როგორც „ფრეგო“ გენერალური დირექტორი, რუსუდან რამაზაშვილი ამბობს, ახალი ტიპის საწვავის ღირებულება 2,42 ლარი იქნება, რაც კონკურენტი კომპანიების პროდუქტთან შედარებით საშუალოდ 10 თეთრით ხელმისაწვდომი ფასია.

დღეის მდგომარეობით 8 საათის განმავლობაში „ბიოდიზელის“ საწარმოს 3 ათასი ლიტრი დიზელის წარმოების შესაძლებლობა აქვს. ახლო მომავალში წარმადობა 10 ათას ტონამდე გაიზრდება და მასშტაბების გაზრდის შემდეგ, „ფრეგოს“ გარდა თავიანთ ქსელში აღნიშნული პროდუქციის რეალიზების საშუალება სხვა ნავთობკომპანიებსაც შეეძლებათ.