მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ბენზინის ფასს 4 კვირაა კლების ტენდენცია აქვს

5c8f2e2e8475b
ლევან თაღიაშვილი
18.03.19 10:20
1057

ბოლო 1 კვირის განმავლობაში ნავთობის ფასმა საერთაშორისო ბაზარზე მოიმატა. ნიუ-იორკის ნავთობის ბირჟაზე ფასი, დაახლოებით, 2.5 დოლარით გაიზარდა და მისი ფასი 58.5 დოლარია.

ტრადიციისამებრ, დაახლოებით, იგივე მოხდა ლონდონის საფონდო ბირჟაზეც. გასულ კვირას ნედლი ნავთობის ფასი 65 დოლარსა და 74 ცენტს შეადგენდა, დღეს კი, ე.წ “შავი ოქროს” ღირებულება 67 დოლარი და 16 ცენტია.

სავარაუდოდ, ნავთობის გლობალური ბაზარი გასული პერიოდის განმავლობაში მიყენებული ფინანსური ზარალის ანაზღაურებას ცდილობს, რის გამოც OPEC-ის წევრმა ქვეყნებმა კვლავ შეამცირეს ნავთობის მოპოვების რაოდენობა, შესაბამისად, მათ ზემოქმედება მოახდინეს ბაზარზე და ფასებიც ზემოთ წავიდა.

CNBC წერს, რომ კვლევის მიხედვით, თებერვლის თვეში OPEC-ის ქვეყნების მხრიდან ნავთობის წარმოება 4 წლის მინიმუმზე დაეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნავთობმომპოვებელი სახელმწიფოები აქტიურად იბრძვიან ნავთობის ფასის გაზრდისთვის. ასევე გააქტიურდა ამერიკა-ჩინეთის „სავაჭრო ომის“ შესახებ მოლაპარაკებები.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჩინეთის ერთ-ერთი მოთხოვნა ამერიკის მხრიდან ნავთობის მოპოვების შემცირება იქნება, შესაბამისად, ფასი მომავალში შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

რაც შეეხება საქართველოს ბაზარს, ბენზინის ფასის კლება უკვე მე-4 კვირაა არ ჩერდება. ამჟამად ხუთივე მთავარმა ნავთობკომპანიამ გააიაფა როგორც პრემიუმის, ასევე რეგულარის საწვავი. კლებამ 3-6 თეთრი შეადგინა. რამდენიმე კვირის წინ, პრემიუმის ტიპის საწვავის მინიმალური ფასი 2 ლარი და 48 თეთრი იყო, ახლა კი - 2 ლარი და 32 თეთრია; შესაბამისად, დაახლოებით, 1 თვეში პრემიუმის ტიპის ბენზინი 16 თეთრით გაიაფდა, რაც შეეხება რეგულარს, მისი ფასი 1 თვის განმავლობაში 13 თეთრითაა შემცირებული და ამჟამად, მისი მინიმალური ფასი ტოპ 5 ნათობკომპანიის ბენზინგასამართ სადგურზე 2 ლარი და 22 თეთრია.