მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოსა და ევროპის ელექტროხაზით დაკავშირების პროექტის ღირებულება $3 მილიარდს შეადგენს

5ae0937f38623
BM.GE
25.04.18 19:00
698
"პროექტი შესაძლოა, ისეთივე მასშტაბის იყოს როგორიც თავის დროზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი იყო", - ასე შეაფასა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ, პროექტი, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროპას, შესაძლოა, წყალქვეშა ელექტროხაზით დაუკავშირდეს.

როგორც ჭუმბურიძემ გადაცემაში "საქმის კურსი“ განაცხადა უკვე გაიმართა შეხვედრები ეკონომიკის სამინისტროში და მთავრობის მხრიდან აღნიშნული იდეის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებაა.

"ეს იქნება საერთოაშორისო პროექტი და რა თქმა უნდა მხოლოდ საქართველო არ იგულისხმება, მოიაზრება აზერბაიჯანიც და შუა აზრიის ქვეყნებიც, რაც პროექტს კიდევ უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს გახდის", - აღნიშნა ჭუმბურიძემ. მისი თქმით, პროექტს პოლიტიკური კონტექსტიც აქვს და საქართველომ ევროპასთან დაახლოების ყველა შანსი უნდა გამოიყენოს.

კომპანია Gross Energy Group-ის ფინანსურმა დირექტორმა ირაკლი ტყებუჩავამ განაცხადა, რომ წინარე ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება უკვე მზადაა, ძირითადი დოკუმენტი კი მზად წელიწად ნახევარში იქნება.

"მიუხედავად ალტერნეტივებისა, ჩვენ ყველაზე ოპტიმალურად მიგვაჩნია, რომ გადამცემი ხაზი შავი ზღვის გავლით უნდა დაუკავშირდეს რუმინეთს ან ბულგარეთს. რომელი იქნება ამ ორიდან მოგვიანებით დაზუსტდება. ჩვენ ვართ საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია და ვიცით ბაზრის პრობლემები. საჭიროა ენერგიის რეალიზაციის ალტერნატიული გზები და აქედან გამომდინარე ვთვლით, რომ სწორედ ახლაა კარგი დრო, რომ ეს ალტერნატიული გზა შეიქმნას.“-განაცხადა ,,საქმის კურსში“ ირაკლი ტყებუჩავამ. პროექტზე კომპანია Gross Energy Group მუშაობს, სავარაუდო ღირებულება კი 3 მილიარდ დოლარს შეადგენს.