მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ხორვატიული საინჟინრო კომპანია IGH-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

59c8b2bf3410d
BM.GE
25.09.17 11:38
3017
ხორვატიული კომპანია IGH საქართველოში საქმიანობის გაფართოვებითაა დაინტერესებული. თბილისში ვიზიტად მყოფი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ოლივერ კუმრიჩი და კომპანიის პრეზიდენტი ივან პალადინა სამომავლო თანამშრომლების პერსპექტივებთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, „საქართველოს მელიორაციაში“, "საქართველოს რკინიგზაში". დაგეგმილი შეხვედრები ემსახურება IGH-ის ახალ პროექტებში ჩართვის შესაძლებლობების განხილვას და ევროპული სტანდარტების დანერგვაში დახმარების შეთავაზებას.

სამშაბათს, 26 სექტემბერს, 17:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ხორვატიული საინჟინრო კომპანია IGH-ს შორის.

მემორანდუმს ხელს მოაწერენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი და სს „ინსტიტუტი IGH“-ის დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტი ივან პალადინა.

ხორვატიული საინჟინრო კომპანია აპირებს რამდენიმე მიმართულებით ითანამშრომლოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, კერძოდ, დაუნიშნოს ყოველთვიური სტიპენდია სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრატურის ხუთ წარმატებულ სტუდენტს, დაეხმაროს ფაკულტეტს საგანმანათლებლო აკადემიური პროგრამების განვითარებაში, მონაწილეობა მიიღოს დამსაქმებელთა მრჩეველთა საბჭოს მუშაობაში, უზრუნველყოს სტუდენტებისთვის პრაქტიკების ორგანიზება კომპანიის თბილისის ოფისში, საქართველოში არსებულ საზედამხედველო ობიექტებზე და საპროექტო-საველე სამუშაოებში.

ივან პალადინა, სს „ინსტიტუტი IGH“-ის დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტი: კომპანია უნივერსიტეტს დაეხმარება შესაბამისი, თანამედროვე სახელმძღვანელოების მოძიებაში, უნივერსიტეტს მიაწვდის საკუთარ შეხედულებებსა და რჩევებს არსებული და დაგეგმილი სასწავლო პროგრამების შესახებ, დაეხმარება უნივერსიტეტს ზაგრების ტექნიკურ უნივერსიტეტთან აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობაში. მხარეები, მოამზადებენ ერთობლივ სამეცნიერო სტატიებს ინოვაციების, თანამედროვე ტექნოლოგიების და ევროპული სტანდარტების შესახებ. კომპანიის წამყვანი სპეციალისტები უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარებენ სასწავლო სემინარებს.

IGH უკვე თანამშრომლობს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან და ახორციელებს გზების რეაბილიტაცია-მშენებლობის და მოვლა-შენახვის საზედამხედველო საქმიანობას, აგრეთვე მუშაობს რამდენიმე მიმართულებით გზების მშენებლობის პროექტირებაზე. კერძოდ, ახორციელებს ლენტეხი-მესტიის გვირაბის, სნო-შატილი-ახმეტა შემოვლითი გზის, ქუთაისი-აბასთუმნის მონაკვეთის და ზემო იმერეთი-რაჭის გზის საპროექტო სამუშაოებს.

კომპანიის შესახებ:

ხორვატიულმა კომპანია IGH-მა საქართველოში საქმიანობა 2016 წლის ბოლოს დაიწყო, როცა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გააფორმა ხელშეკრულება, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შესასრულებელი მიმდინარე შეკეთების, პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის. რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის, მშენებლობის და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგების ლიკვიდაციის და ნაპირსამაგრ სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების შესახებ. IGH-მა გახსნა ოფისი თბილისში, სადაც დასაქმებულია 68 სპეციალისტი/ექსპერტი, მათ შორის 16 ხორვატი და 52 ქართველი. კომპანიის ფილიალის თანამშრომლები არიან ახალგაზრდა დამპროექტებელი და ზედამხედველი ინჟინრები, თარჯიმნები, მოვლა-შენახვის სპეციალისტები, ადმინისტრაციული პერსონალი და მძღოლები.

IGH-ს, საქართველოს გარდა, ფილიალები აქვს ბოსნია-ჰერცოგოვინაში, მონტენეგროში, სერბეთში, ბულგარეთში, ალბანეთში, კოსოვოში. კომპანია საქმიანობს ყაზახეთში, რუსეთსა და უკრაინაში.

კომპანია 1949 წელს დაარსდა. მისი ძირითადი საქმიანობა მოიცავს მშენებლობების პროექტირებასა და ტექნიკურ ზედამხედველობას, პროექტების მართვას, კვლევებს, საკონსულტაციო მომსახურებას, სამშენებლო მასალების ლაბორატორიულ ტესტირებას, სტანდარტიზაციას. კომპანიის მიერ დაპროექტებულია 800 ხიდი, 80 კმ საერთო სიგრძის გვირაბი, მათ შორის ყველაზე გრძელი გვირაბი ხორვატიაში - Mala Kapela, რომლის სიგრძე 5760 მეტრია. „IGH“-ის, აღიარებულია როგორც ყველაზე უსაფრთხო ევროპაში (2008 და 2009 წლები).

(R)