10.თებერვალი.2019 12:00
ეკონომიკა

„საქართველოს სამკურნალო კურორტების ევროპული კვლევა სჭირდება“

„საქართველოს სამკურნალო კურორტების ევროპული კვლევა სჭირდება“
“ჩვენ გვჭირდება გამოცდილი ევროპული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც ევროპელი ინვესტორისა თუ ტურისტისთვის გასაგებ ენაზე დაადგენს, რა ღირებულება აქვს ჩვენს სამკურნალო, ბალნეოლოგიურ და სპა კურორტებს. ამის გარეშე ამ დარგის განვითარება მნიშვნელოვნად ფერხდება. ერთ-ერთი ყველაზე მაღალგადამხდელი ტურისტები კი სწორედ სამკურნალო ტურიზმის ფარგლებში ჩამოსული ტურისტები არიან, რომლებიც ქვეყანაში მინიმუმ 10 დღე ჩერდებიან, რაც ქვეყნისთვის ძალიან კარგია“ - ამბობს bm.ge-სთან საუბარში „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის" დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი.

მისივე თქმით, 21-ე საუკუნეში კონკურენცია იმდენად მაღალია, რომ არც ტურისტის და მით უმეტეს, არც ინვესტორის მოსაზიდად მხოლოდ ლამაზი ლანდშაფტი და თუნდაც მარკეტინგულად სწორად შეფუთული ისტორია საკმარისი აღარ არის.„თანამედროვე ტურიზმს უყვარს რიცხვები“ - ამბობს შალვა ალავერდაშვილი.

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი აქტიურად ცდილობს, ეს საკითხი საქართველოს ხელისუფლების დღის წესრიგში შეიტანოს. სულ ბოლოს ასეთი შესაძლებლობა წელს იანვარშიც გამოიყენა შეხვედრაზე, სადაც ტურიზმის წარმომადგენლებმა დარგის განვითარების პერსპექტივები ეკონომიკის მინისტრთან ერთად განიხილეს.

ამ შეხვედრაზე შალვა ალავერდაშვილმა დეტალურად ახსნა, რატომ ვერ არღვევს საქართველო მოჯადოებულ წრეს და ისევ მხოლოდ პოსტ-საბჭოთა წრეზე ტრიალებს: „ჩვენი კურორტები -არც წყალტუბო, არც საირმე, არც ბორჯომი, არც ნუნისი და არცერთი სხვა სამკურნალო, ბალნეოლოგიური თუ სპა კურორტი, რომელიც რეალურად ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საგანძურია, არ არის აღიარებული ევროპელი ტურისტების მხრიდან“ - ასეთია შალვა ალავერდაშვილის მიერ დაყენებული პრობლემა, რომლისთვისაც მას გადაჭრის გზაც იდენტიფიცირებული აქვს:

„ჩვენ გვჭირდება ევროპელი ტურისტების მიერ აღიარებული და ნდობით აღჭურვილი ევროპული ინსტიტუცია, რომელიც იკვლევს ჩვენი სამკურნალო, ბალნეოლოგიური და სპა კურორტების რეალურ თვისებებს, რითაც ერთი სასაუბრო ენა გვექნება უფრო მაღალგადამხდელ ევროპელ ტურისტებთან“, - ამბობს შალვა ალავერდაშვილი.

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი აანალიზებს, რომ ამ ტიპის კვლევა უცებ ვერ ჩატარდება და თავად კვლევის მომზადებამ და შემდეგ მონაცემების დამუშავებამ შეიძლება 2-4 წელიც კი წაიღოს, მაგრამ შალვა ალავერდაშვილის თქმით, თავად იმ ფაქტის საერთაშორისო კომუნიკაცია, რომ ამ ტიპის კვლევას საქართველოში აღიარებული ევროპული ინსტიტუცია ატარებს, უკვე პირველი სიგნალი იქნება ევროპელი ტურისტებისთვის, საქართველოს სამკურნალო, ბალნეოლოგიური და სპა კურორტებით უფრო მეტად დაინტერესდნენ.

„როცა ევროპული ინსტიტუცია იტყვის, რომ საქართველოს კურორტებზე მართლა შეიძლება გამოჯანმრთელდე, ამას უკვე ენდობა ევროპელი ტურისტი, რომელიც მაღალგადახდისუნარიანია და ეს ტურისტი ჩამოვა უკვე საქართველოში და ეს ამ ქვეყნისთვის ძალიან დიდი შემოსავლის მომტანი იქნება, რადგან ამ ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში გვაქვს თითო ასეთი კურორტი“, - ამბობს შალვა ალავერდაშვილი.

წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს საქართველომ უცხოური ტურიზმიდან 3 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 18.4%-ით მეტია. 2018 წლის I-III კვარტლის მონაცემებით, ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 7.6%-ს შეადგენს. წინა წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 19%-ით არის გაზრდილი.
ავტორი: ელენე კვანჭილაშვილი



19.თებერვალი.2019 14:40
10

„იანვარში საქონლით ვაჭრობის დეფიციტი გაუმჯობესდა"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:20
140

როგორი იქნება განახლებული "შერატონ მეტეხი პალასი" - ფოტო

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:03
114

„2018 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:00
170

საქართველოს 10 მთავარი საიმპორტო საქონელი

ვრცლად
19.თებერვალი.2019 13:40
179

"ევროპულმა საქართველომ" საპენსიო რეფორმის შესაჩერებლად კანონპროექტი დაარეგისტრირა

ვრცლად
19.თებერვალი.2019 12:59
240

"ერთია, ანაკლიის პორტის მშენებლობა და მეორეა, ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ეხება უშუალოდ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ კონკრეტულ გარიგებას"

ვრცლად