მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საჰაერო სივრცეს ყოველდღე 273-ზე მეტი სატრანზიტო რეისი კვეთს

5c40ab50a207f
შოთა ტყეშელაშვილი
17.01.19 21:15
1021
ყოველწლიურად ათობით მილიონი ადამიანი კვეთს საქართველოს საჰაერო სივრცეს. ევროპიდან სამხრეთ აზიაში მიმავალი რეისების ასევე, არაბეთიდან ჩრდილეოთ ამერიკისკენ მიმავალი რეისების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს საჰარეო სივრცეს იყენებს. Qatar Airways, Emirates, Turkish Airlines, British Airways და სხვა ავიაკომპანიები რეგულარულად იყენებენ საქართველოს საჰაერო სივრცეს.

რეალურ დროში საჰაერო მიმოსვლის ნახვა შესაძლებელია ისეთი ვებგვერდების მეშვეობით, როგორიცაა flightradar24.com და სხვა.

რამდენი ფრენა კვეთს საქართველოს?

2018 წლის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში 155 282 ფრენა შესრულდა. აღნიშნული მაჩვენებელი 10 245 ფრენით და 7.1%-ით მეტია 2017 წლის მაჩვენებელზე. შპს “საქაერონავიგაციის” ცნობით, გაზრდილია როგორც საქართველოს აეროპორტებში მომფრენი და გამფრენი, ასევე სატრანზიტო რეისების რაოდენობა. 2018 წლის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში 106 639 ტრანზიტული ფრენა განხორციელდა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 2 913 ფრენით, ანუ 2.8% -ით მეტია.

შპს “საქაერონავიგაცია” გასულ წელს საქართველოს სამ საერთაშორისო და ორ ადგილობრივ აეროპორტში 48 643 აფრენა - დაფრენას მოემსახურა. აღნიშნული მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით 7 332 ფრენით, ანუ 17.7%-ით არის გაზრდილი.

საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენმა დისტანციამ 2018 წლის განმავლობაში 42 036 723 კმ. შეადგინა, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით 450 688 კმ-ით და 1.1%-ით მეტია.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების პარალელურად ნაფრენი მანძილის შემცირებას, კომპანიის მიერ დანერგილი თავისუფალი საჰაერო მარშრუტების კონცეფცია განაპირობებს. მოკლე საჰაერო მარშრუტების არსებობა თავის მხრივ გულისხმობს ფრენის დროის, საოპერაციო ხარჯების და ეკოლოგიაზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებას, რაც დადებითად აისახება მთლიანად ქვეყნის განვითარებაზე.

2018 წელს საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების კუთხით პროცენტული წილები 2017 წლის მსგავსად არ შეცვლილა. საქართველოს ცას ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად TURKISH AIRLINES INC, AZERBAIJAN AIRLINES – AZAL, QATAR AIRWAYS, SINGAPORE AIRLINES Ltd იყენებენ.

საქართველოს აეროპორტებში აფრენა-დაფრენის ტოპ მომხმარებლად 2018 წელს, გასული წლების მსგავსად, ისევ GEORGIAN AIRWAYS, TURKISH AIRLINES, WIZZ AIR დაფიქსირდნენ.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციაში” აცხადებენ, ფრენების ზრდის ტენდენცია მათ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს და 2019 წელს მისი შენარჩუნება კვლავაც რჩება კომპანიის პრიორიტეტად. ორგანიზაციამ 2018 წელს ექსპლუატაციაში გაუშვა თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი სისტემა, რაც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობას. ფრენების მატებიდან გამომდინარე, კომპანია 2019 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლზე 13R კურსით ICAO-ს პირველი კატეგორიის მოახლოების შუქ-სასიგნალო სისტემის დამონტაჟებას გეგმავს. აღსანიშნია, რომ აქამდე თბილისის აეროპორტის ასაფრენი ზოლის 13R კურსი განათების სისტემით აღჭურვილი არ ყოფილა.