მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ავიაკომპანია შემოდის

59ed9822b4e61
BM.GE
23.10.17 11:17
1558
საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს მიერ ომანის მხარესთან ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და აქტიური თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოდის სასულთნოს ფლაგმანის, Oman Air-ის შვილობილი ავიაკომპანია Salam Air-ი, რომელიც 2018 წლის ივნისიდან განახორციელებს ავიარეისებს კვირაში ოთხი რეისის სიხშირით მასკატი-თბილისი-მასკატის მიმართულებით, რაც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოში ომანელი ტურისტების რაოდენობას.

საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს ცნობით,  იგეგმება თბილისში კომპანიის წარმომადგენლობის გახსნა, გარკვეული ინვესტიციების განხორციელება და რამდენიმე ათეული ახალი სამუშაო ადგილის შექმნა.აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გასულ კვირას, ომანში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას (რეზიდენციით ქ. რიადი, საუდის არაბეთის სამეფო) მიერ სასულთნოს დედაქალაქ მასკატში Oman Air-ისა და Salam Air-ის აღმასრულებელ დირექტორებთან და ბორდის წევრებთან გამართული შეხვედრის დროს.

ასევე გაიმართა კონსულტაციები ომანის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განხილულ იქნა საქართველოსა და სასულთნოს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის აუცილებლობა. დოკუმენტის ხელმოწერა იგეგმება ახლო მომავალში, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ.საელჩოს ზემოაღნიშნული ნაყოფიერი აქტივობა ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში.