მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მოსახლეობა 0,1%-ით შემცირდა

5902fa8d57b7f
BM.GE
28.04.17 12:14
1278
2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ (ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გარდა) 3 718,2 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 0,1 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატის ინფორმაციით, მოსახლეობის რაოდენობის შემცირებაზე გავლენა მოახდინა 2016 წლის ბუნებრივი მატების მაჩვენებელმა და გარე მიგრაციის უარყოფითმა სალდომ. ქვეყნის მოსახლეობის 57,2 პროცენტი (2 128,6 ათასი კაცი) ცხოვრობს საქალაქო დასახლებაში, ხოლო 42,8 პროცენტი (1 589,6 ათასი კაცი) - სასოფლო დასახლებაში.

ამასთან, წინა წელთან შედარებით მამაკაცების წილი მთელ მოსახლეობაში 0,1 პროცენტით გაიზარდა და 1 781,5 ათასი კაცი შეადგინა, ხოლო ქალების წილი 0,2 პროცენტით შემცირდა და 1 936,7 ათასი შეადგინა. საქართველოს მოსახლეობის 47,9 პროცენტი მამაკაცი, ხოლო 52,1 პროცენტი - ქალია.

2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობის (0-14 ასაკობრივი ჯგუფი) წილმა მთელ მოსახლეობაში 19,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობის (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წილმა - 66,1 პროცენტი. 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 14,5 პროცენტია. 0-64 წლის მამაკაცების წილი მთლიან მოსახლეობაში ჭარბობს ქალებისას, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში ქალები ჭარბობენ მამაკაცებს, რაც გამოწვეულია მამაკაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით. 2016 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას შეადგენდა 72,7 წელს, მათ შორის მამამაკებისათვის 68,3 წელს, ხოლო ქალებისათვის - 77,2 წელს.