მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ რეგიონული ტური დაასრულა

594b98ca638c4
BM.GE
22.06.17 13:48
1252
საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ დასავლეთის რეგიონული ტურნე დაასრულა. ბოლო შეხვედრა ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართა. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში შეხვედრების ძირითად მიზანს ფერმერთა პრობლემების იდენტიფიცირება და მათთვის ახალი ინიციატივის - ფერმერთა სათათბიროს ფორმირების გაცნობა წარმოადგენდა. ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ასევე იყო ფერმერთა სათათბიროში წევრობისათვის დელეგატთა შერჩევის წესისა და პროცედურების გაცნობა.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ მის მოადგილესთან, გიორგი ნონიაშვილთან და ევროპის სოფლის მეურნეობის ასოციაციების და კოოპერატივების გაერთიანება Copa-Cogeca-ს კონსულტანტთან- პროდრომოს კალაიტზისთან ერთად ფერმერებს სათათბიროს დაფუძნების ძირითადი მიზანი გააცნო.

სათათბიროს შექმნის ძირითად მიზანს კი წარმოადგენს ფერმერთა ინტერსების უკეთ დაცვა და მათი საკანონმდებლო პროცესებში ჩართულობის გაზრდა. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის საბჭომ ჯერ კიდევ 2016 წლის 1 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, ჩამოაყალიბოს ფერმერთა სათათბირო ორგანო, რომელიც გახდება ანგარიშგასაწევი ძალა მთავრობის მიერ ინიცირებული ისეთი კანონპროექტების შემუშავების პროცესში, რომელიც უშუალოდ ეხება ფერმერთა საქმიანობას, მათი, როგორც მცირე მეწარმის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და განვითარების ხელშეწყობას.

რეკომენდაციების საფუძველზე ასოციაციის საბჭომ გადაწყვიტა, რომ სათათბიროს შემადგენლობაში უნდა შევიდეს ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი მთელი საქართველოს მასშტაბით.

თოთოეული მუნიციპალიტეტი წარმოდგენილი იქნება ორი წევრით, რომელთაგანაც ერთს დაასახელებს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის საბჭო, მეორეს კი - თავად საბჭოს მიერ არჩეული წევრი. შესაბამისად, სათათბირო იქნება 120 ფერმერისგან დაკომპლექტებული ორგანო.

გენდერული თანასწორობის პრინციპის დაცვის მიზნით, საბჭოს მიერ სათათბიროს წევრობაზე არჩეულმა პირმა უნდა დაასახელოს საწინააღმდეგო სქესის მეორე წევრი.

საბოლოო გადაწყვეტილებას სათათბიროს წევრობის შესახებ იღებს ფერმერთა ასოციაციის საბჭო.

რეგიონული ტურნეს პირველი ეტაპის ფარგლებში შეხვედრები ჯერ კიდევ მაისში გაიმართა გორში, თელავში, ახალციხესა და მარნეულში. დასავლეთის ტურის ფარგლებში კი შეხვედრები ქუთაისში, ცაგერში, ზუგდიდში, ოზურგეთსა და ბათუმში ჩატარდა.

სათათბიროს ორგანოს ფორმირება საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პარტნიორი ორგანიზაციის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.