მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს და ლონდონის საფონდო ბირჟის მიმოხილვა

5c710fed33a78
ლევან თაღიაშვილი
23.02.19 13:17
1187
საქართველოს საფონდო ბირჟაზე ე.წ. „ფიქსინგის“ დროს, ლარში მხოლოდ 2 გარიგება დაიდო - გასხვისდა სს "თელასის" 700 და სს "ბამბის ნართის" 161 აქცია; ორივე გარიგების ჯამურმა ღირებულებამ 1125 ლარი შეადგინა და ჯამში, 861 ფასიანი ქაღალდი გასხვისდა.

მსხვილი გარიგება მოხდა დოლარში, სადაც შპს „საქართველო სალიზინგო კომპანიის“ და „m2 უძრავი ქონების“ ობლიგაციები გასხვისდა; აქ იგულისხმება როგორც სააქციო საზოგადოება m2, ასევე - შპს.

გარიგებების ჯამური ღირებულება 2 მილიონ დოლარს აღწევს, რაც საქართველოს საფონდო ბირჟისთვის საკმაოდ წონიანი რიცხვებია.

თითოეულ მათგანზე ობლიგაციის საშუალო ფასი 1035 დოლარი იყო, რაოდენობა კი, 1927 ერთეულს შეადგენდა.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც 4 ქართული კომპანიაა განთავსებული, „თიბისი ბანკის“ ყველაზე მეტი, 41 521 აქცია გასხვისდა და გარიგების ღირებულებამ 605 000 ფუნტ სტერლინგი შეადგინა; „საქართველოს ბანკის“ 18 000-ზე მეტ აქციაზე დაიდო გარიგება, Georgia Capital-ის და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის კი, შესაბამისად, 6196 და 2766 აქცია გასხვისდა.

წინა კვირასთან შედარებით „თიბისი ბანკის“ საბაზრო კაპიტალიზაცია 84 მილიონი ფუნტითაა გაზრდილი და 797 მილიონს შეადგენს, აქვე უნდა ითქვას, რომ ბანკმა 2018 წლის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ TBC-ის წმინდა მოგება 23%-ით, 454.9 მილიონ ლარამდე გაიზარდა. მისი 1 აქციის ფასი ბოლო 1 კვირაში - 11.7%-ით, შესაბამისად, 1.6 ფუნტით გაიზარდა, ერთი ფასიანი ქაღალდის ღირებულება Galt and Taggart-ის მონაცემებით, 14.7 ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

„საქართველოს ბანკი“ ქართული კომპანიებიდან ამჟამად ყველაზე ძვირადაა შეფასებული და მისი ღირებულება 834 მილიონ ფუნტს შეადგენს, Georgia Capital 428 მილიონი ღირს, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი კი - 275 მილიონი.

საქართველოში, ბირჟის ინდექსი GSX კვლავ უცვლელია, ის 140 პუნქტისგან შედგება. რაც შეეხება საბაზრო კაპიტალიზაციას, ის 1 მილიარდ 941 მილიონი ლარია.