მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს და ლონდონის საფონდო ბირჟების მიმოხილვა

5c9888842b676
ლევან თაღიაშვილი
25.03.19 14:05
548
საქართველოს საფონდო ბირჟაზე სავაჭრო სესიების დროს გარიგება არ დადებულა, თუმცა ე.წ ფიქსინგის დროს “m2 უძრავი ქონების“ 2000-მდე ფასიანი ქაღალდი გასხვისდა, იგულისხმება როგორც სააქციო საზოგადოება, ასევე - შპს. გარიგების ღირებულებამ ჯამში, 1 მილიონ 978 ათაში დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება სხვა სიახლეებს, „საქართველოს ბანკმა“ დამატებით, 100 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა პირველადი კაპიტალისთვის. როგორც GBC წერს, დიდი ალბათობით ფასიანი ქაღალდები, რომელსაც Fitch-მა „B-„ რეიტინგი მიანიჭა, ირლანდიის საფონდო ბირჟაზე დაილისტება.

ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი 11.1%-ია, მისი განთავსების აგენტი კი, J.P Morgan და UBS Investment Bank-ი იყვნენ Galt & Taggart-თან ერთად.

რაც შეეხება, ლონდონს და მის ბირჟაზე განთავსებულ 4 ქართულ კომპანიას, „საქართველოს ბანკის“ ყველაზე მეტი, 300 000-ზე მეტი აქცია გასხვისდა 5 მილიონ ფუნტად, Georgia Capital-ის ფასიან ქაღალდებზე დადებული გარიგების ღირებულება 910 000 ფუნტ-სტერლინგი იყო, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის 15,403 აქცია გასხვისდა, თიბისი ბანკის 75 770 ფასიანი ქაღალდი გაიყიდა 1 მილიონ 217 ათას ფუნტად.

რაც შეეხება, მათ საბაზრო კაპიტალიზაციას, წინა კვირის შემდეგ, მცირე კორექტირება მოხდა. საქართველოს ბანკის 1 აქციის ღირებულება თითქმის 4%-ით შემცირდა და ის 16.5 ფუნტს შეადგენს, ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 809 მილიონი ფუნტია.

Georgia Capital 401 მილიონი ფუნტი ღირს, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი 260 მილიონი, თიბისი ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია 34 მილიონით შემცირდა და 856 მილიონი ფუნტია.

საქართველოს საფონდო ბირჟის ინდექსი 3 თვეა არ შეცვლილა 139 პუნქტისგან შედგება, ბირჟის საბაზრო კაპიტალიზაცია კი, 1 მილიარდ 929 მილიონი ლარია.