მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ირანში მდინარეების გადატუმბვის გზით წყლის მასშტაბური ექსპორტი იგეგმება

5743044297d26
BM.GE
23.05.16 17:20
119405
ირანული მხარე საქართველოს მდინარეების წყლის ირანში გადატუმბვის შესაძლებლობას განიხილავს. ასევე არსებობს გეგმა, რომელიც საქართველოდან ირანში არტეზიული წყლების გადატანას ითვალისწინებს.
 
საქართველოდან ირანში წყლის შესაძლო ექსპორტთან დაკავშირებით საუბარი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა პროექტის განხორციელება დღემდე არ დაწყებულა. მიუხედავად ამისა, საკითხი ისევ აქტუალურია და მასზე პერიოდულად როგორც ქართული, ისე ირანული მხარის წარმომადგენლები საუბრობენ. 2016 წლის აპრილში ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, აბას თალები ფარი აცხადებდა, რომ ირანი დამშრალი ურმიის ტბის აღდგენას საქართველოდან და სომხეთიდან მიღებული წყლით გეგმავს.

მისი თქმით, ურმიის ტბის შესავსებად ორი გზა, ორი პროექტი არსებობს: 1. დასავლეთ საქართველოს მდინარეების წყლის გადატუმბვა ურმიის ტბაში. ამ პროექტის ეკონომიკურ მიზანშეწონილობაზე შესაბამისი ინსტიტუტები უკვე მუშაობენ. 2. საქართველოს არტეზიული წყლების გადატანა აზერბაიჯანის გავლით ირანში.

“კომერსანტი“ ამ საკითხის ეკოლოგიური მხარით დაინტერესდა და სპეციალისტებს მიმართა შეკითხვით: ეკოლოგიური თვალსაზრისით, რამდენად უსაფრთხოა ქვეყნისთვის წყლის ასეთი მასშტაბური ექსპორტი?

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ საქართველოს ამ დროისთვის არ გააჩნია რესურსები იმისთვის, რომ მსგავსი პროექტი განხორციელდეს. მისი თქმით, ეს თემა მარტივად განსახორციელებელი არ არის, რადგან რომელიმე მდინარის „გადაგდება“ შესაძლოა ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფასიც შეიძლება გახდეს.

ჩხობაძე განმარტავს, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ნებისმიერ სიტუაციაში წყლის დეფიციტია, წყლის გატანა ვერც ალაზნიდან და ვერც მტკვრიდან ვერ მოხდება. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რიონი წყალუხვობით არის ცნობილი, ამ პროექტის რიონის იმედად განხორციელებაც არ იქნება სწორი. „რიონიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ჩვენ თუ რიონიდან ან ყვირილადან ავიღებთ წყალს, გვექნება დანაკლისი რიონზე განლაგებული ჰიდროელექტროსადგურებზე. ასეთი მარტივი არ არის ამის გაკეთება"-ამბობს ჩხობაძე.

მისივე შეფასებით, საბჭოთა პერიოდში იყო დიდი პროექტი -ციმბირის წყლები უნდა შემოეტრიალებინათ და გადაეგდოთ კასპიის ზღვაში იმისთვის, რომ ზღვის დონე აწეულიყო. ჩხობაძე ამბობს, რომ მსგავსი პროექტი ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა. შესაბამისად, ჩხობაძე ამბობს, რომ დღეს საქართველოდან წყლის ექსპორტზე საუბრები ძალიან გავს საბჭოთა პერიოდში ციმბირის წყლების გადაგდებას კასპიის ზღვაში.

ჩხობაძის განმარტებით, საქართველოს ამ დროისთვის არ გააჩნია წყლის ასეთი მასშტაბური ექსპორტის დაწყების რესურსები, წყალი ისედაც კლებულობს, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ საქართველოში. შედეგად, ხელაღებით იმის თქმა, რომ საქართველოს ბევრი წყალი აქვს და ვინმეს გავუზიაროთ, არასწორია.

"ყველა მდინარეზე ხარჯს ვერ ვზომავთ, შესაბამისად, ზუსტი ამის მონაცემები არ არის. წლევანდელი ზაფხული გვიჩვენებს, რა კატასტროფული მდგომარეობა შეიძლება იყოს. თუ დაიჭირა ძალიან მაღალი ექსტრემალური ტემპერატურა, მაშინ როგორ დაგვაკლდება წყალი. შარშან მაგალითად, აღმოსავლეთ საქართველოში ძალიან ბევრი რამ გახმა. იგივე სიტუაცია გვაქვს დასავლეთ საქართველოში"-აცხადებს ჩხობაძე.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი გია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ურმიის ტბა დამშრალია და ფართობით დაახლოებით იმხელაა, რამდენიც მინგეჩაურის წყალსაცავი. აქედან გამომდინარე, წყლის მოცულობა, რომელიც ამ ტბის შესავსებად არის საჭირო, საქართველოში შეუძლებელია მოპოვებულ იქნას. გაჩეჩილაძე ამბობს, რომ წყლის რესურსების კუთხით განსაკუთრებით დეფიციტურია აღმოსავლეთ საქართველო, რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ამ შემთხვევაში არსებული წყალი საირიგაციოდ და ჰიდროელექტროსადგურებისთვისაა საჭირო. გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ამ პროექტის განხორციელების კატეგორიული წინააღმდეგია, რადგან ამან შესაძლოა წყლის დეფიტი გამოიწვიოს.

გარემოს დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების მართვის სამსახურის უფროსი ელისო ბარნოვი კი აცხადებს, რომ მის სამსახურში ამ პროექტზე განაცხადი არ შესულა. მისი მტკიცებით, კანონმდებლობით, ნებისმიერი წყალაღება წყლის რესურსების მართვის სამსახურთან უნდა შეთანხმდეს. თუმცა, ამ დრომდე არანაირი მოთხოვნა წყალაღებაზე მის სამსახურში შესულა.

შესაძლებელია თუ არა საქართველოდან წყლის ექსპორტის განხორციელება, და რამდენად არის ამისთვის საკმარისი რესურსი? ამ შეკითხვაზე ბარნოვი ამბობს, რომ ეს მსჯელობის საგანი უნდა იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, სადაც არ უნდა ხდებოდეს წყლის ექსპორტი, ნებისმიერი წყალაღების დროს მხედველობაში უნდა იყოს მიღებული წყლის ობიექტის ეკოლოგიური, საბაზისო ფონური მდგომარეობა, ანუ, თუ რა ოდენობის წყლის აღებაა შესაძებელი კონკრეტული ობიექტიდან იმისთვის, რომ არ დაირღვეს ეკოლოგიური ბალანსი.

"ამას შესწავლა სჭირდება, თუნდაც წყლის ბიომრავალფეროვნებიდან გამომდინარე რომ არ დაირღვეს ბალანსი და ზიანი არ მიადგეს"- აცხადებს ბარნოვი. მისი ინფორმაციით, დღეს საქართველო წყლის რესურსების მხრივ დეფიციტურ ქვეყანად არ ითვლება, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამდენიც უნდა და ვისაც უნდა, იმდენი აიღოს.

ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, აბას თალებ იფარის კი უკვე საუბრობს იმაზე, რომ შემუშვებელია პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. პროექტი ითვალისწინებს მიწისქვეშა წყლის არხებისა და ბაზალტის მილსადენის მშენებლობას.

"ურმიის ტბის რეაბილიტაციას მთლიანად 28 მილიარდი კუბური მეტრი წყალი სჭირდება. ირანი მზადაა, რა რაოდენობის წყალსაც მიაწვდის საქართველო, ყველაფერი შეისყიდოს. საქართველოს სამეზობლოში ირანის გარდა წყალი არავის სჭირდება. რაც შეეხება პროექტის ღირებულებას, ის, დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარი დაჯდება. საუბარია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 280 კმ-იანი მონაკვეთზე ორმეტრიანი დიამეტრის მილსადენის გაყვანაზე. ირანში მზად არიან, მისი ფინანსური მხარდაჭერა განახორციელონ. თავიდან, როცა წყლის იმპორტზე დავიწყეთ საუბარი, საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორშიც უცნაურად ეჩვენებოდათ, დღეს, როგორც ვიცი, ამ თემაზე მუშაობა მიმდინარეობს. წყლის ექსპორტის საკითხი განიხილეს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის ვიზიტის დროს თეირანშიც“ - აცხადებდა აბას თალებ იფარი.

რაც შეეხება ურმიის ტბას, 1972 წლიდან 2014 წლამდე ტბის მოცულობიდან მხოლოდ 12% დარჩა. ეს კი სოფლის მეურნეობაში სერიოზულ ზარალს უკავშირდება. ასევე იწვევს რესპირატორულ დაავადებებს მოსახლეობაში. ტბის რეანიმაცია ირანის პრეზიდენტის, ჰასან რუჰანის წინასაარჩევნო დაპირებებშიც მოხვდა. როგორც რუჰანმა განაცხადა, ის მზადაა აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად უახლოეს 10 წელიწადში 5 მილიარდი დოლარი დახარჯოს.

"კომერსანტი"