მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო იტალიაში "მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი და მნიშვნელოვანი მევენახეობის ლანდშაფტების მქონე ქვეყნად" აღიარეს

5b0aa82d74203
მაია ბიწაძე
27.05.18 17:45
1773
იტალიაში, პიემონტეს რეგიონში არსებულ მე-10 საუკუნის ციხესიმაგრის Grinzane Cavoir-ის კედლებში ქართული მეღვინეობის ცივილიზაციის საპატივსაცემოდ მიძღვნილ ღონისძიება გაიმართა, რომელიც პიემონტეს მეღვინეთა საზოგადოების Enoteca Regionale Piemontese Cavoir და მისი პრეზიდენტის, სენატორი ტომაზო ძანოლეტის (Tomaso Zanoletti) და ლუჩიანო ბერტელოს (Luciano Bertello) ორგანიზებით მოეწყო.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს „მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი და მნიშვნელოვანი მევენახეობის ლანდშაფტების მქონე ქვეყნის“, ხოლო „მეღვინეობა ხარებას“ „ქართული ვაზის ჯიშების განვითარებაში და ქვევრის კულტურის შენარჩუნებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის“ საპატიო სიგელები გადაეცა.

საქართველოდან ღონიძიებაზე მიწვეული სტუმრები „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ წარმომადგენლები ანდრო ასლანიშვილი, გიორგი სამანიშვილი, დავით მაღრაძე და „მეღვინეობა ხარებას“ გენერალური დირექტორი გიორგი ეზურგბაია იყვნენ. დაჯილდოებას ასევე ესწრებოდნენ იტალიის პიემონტეს რეგიონის ადმინისტრაციის, სამეცნიერო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები, ადგილობრივი მევენახეები და მეღვინეები.

საქართველოს მევენახეობის ლანდშაფტები, ქართული ვაზის გენოფონდი, ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციული ტექნოლოგია და ზოგადად ქართული ვაზისა და ღვინის კულტურა, იყო მთავრი თემა რომელიც სტუმრებს დოქტორმა ჯოვანი ტეზიომ, პროფესორმა ოსვალდო ფაილამ (მილანის უნივერსიტეტი) და დოქტორმა დონატო ლანატიმ წარუდგინეს.

ღონისძიების ფარგლებში მოწვეულმა სტუმრებმა “მეღვინეობა ხარებას“ მიერ ქართული ვაზის ჯიშებისაგან დამზადებული ღვინოები დააგემოვნეს, ქვევრში ტრადიცული ტექნოლოგიით დაყენებული საფერავი, ოცხანური საფერე და მწვანე.

„მეღვინეობა ხარება“ ხელს უწყობს აბორიგენული ვაზის ჯიშების მოშენებასა და განვითარებას, საქართველოში არსებული 525 საკოლეციო ჯიშიდან 321 ვაზის ჯიში დაცულია კომპანიის საკუთრებაში არსებულ საკოლექციო ვენახებში, საქართველოს ორ რეგიონში კახეთსა და იმერეთში.