მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ "საპენსიო რეფორმა არ გადავადდება"

5c123fb45deca
თათია ჩაფიჩაძე
13.12.18 15:18
1761
საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარე ლევან სურგულაძე აცხადებს, რომ რეფორმა არ გადავადდება და ის კანონის შესაბამისად, ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევა.

დღეს ბიზნესსექტორთან შეხვედრის დასრულების შემდეგ სურგულაძემ ბიზნესის პრეტენზიებსაც უპასუხა და განაცხადა, რომ სააგენტო ბიზნესის ინფორმირებულობის კუთხით, აქტიურ რეჟიმში მუშაობს.

„ძალიან ბევრი შეკითხვა იყო, ვფიქრობთ, რომ ყველას გავეცით ამომწურავი პასუხები. ჩვენ მათ ვაჩვენეთ რომ სააგენტო არის მზად, სისტემა არის მზად. ვებ-გვერდი ჩაირთვება 2 დღეში, სადაც იქნება დეტალური ინსტრუქციები განთავსებული, როგორ უნდა მოიქცეს ბიზნესი, რას უნდა ელოდოს მონაწილე და დიახ, კანონით გათვალისწინებულ ვადებში სააგენტო დაიწყებს ფუნქციონირებას და დავიწყებთ საპენსიო შენატანების ადმინისტრირებას.

არ ვფიქრობ, რომ ეს ბიზნესისთვის იქნება წნეხი. ინფორმირებულობის კუთხით იყო ობიექტური მიზეზები, მაგრამ ჩენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ბიზნესის 100%-ით ინფორმირებულობა მოხდეს.

კანონი ძალაში შევიდა და გამოქვეყნდა 6 აგვისტოს და ყველას შეეძლო ენახა საჯარო ინფორმაცია. ახლა ვაკეთებთ ყველაფერს, რეგიონებში გვქონდა შეხვედრები, თბილისში ასევე ვხდებით ბიზნესს და გავაგრძელებთ ინტერაქტიულ რეჟიმში მათთვის პასუხების გაცემას“, - განაცხადა სურგლაძემ.

საპენსიო ფონდის წარმომადგენლები დღეს ბიზნეს სექტორს შეხვდა. შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მონაწილე მხარეები მედიასთან აცხადებდნენ, რომ 2 კვირაში ასამოქმედებელ რეფორმაზე სააგენტოს პასუხები არ აქვს. კერძო სექტორის ნაწილი რეფორმის გადავადებას ითხოვს.