მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებს წელიწადში სულ 72 საათი მოუწევთ მუშაობა

5c989c430486f
შოთა ტყეშელაშვილი
25.03.19 13:30
1162
წელიწადში 72 საათი ანუ 9 სამუშაო დღე, ეს არის დროის ის სავარაუდო ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებს წლის განმავლობაში მოუწევთ მუშაობა. 

საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო საბჭოს 5 წევრის შესარჩევად საერთაშორისო კონკურსი გამოაცხადა. თითოეული მათგანი საბჭოში 5 წლის განმავლობაში იმუშავებს. 

კონკურსის მიხედვით, საბჭოს წევრთა ანაზღაურება წელიწადში $60,000-მდე იქნება, ამასთანავე, სახელმწიფო საბჭოს წევრების სრულ სამგზავრო ხარჯებს დაფარავს. ეს ლარებში 160,000-ის ტოლფასია. 

სამუშაო აღწერილობის მიხედვით, საბჭოს წევრებს საქართველოში სტუმრობა მინიმუმ წელიწადში ერთხელ მოუწევთ. 

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის მიხედვით, საბჭოს წევრთა შერჩევის შემდეგ, ისინი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, უფლებამოსილების ვადით ირჩევენ საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარეს. 

კანონის მიხედვით, საინვესტიციო საბჭოს წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელსაც აქვს ფინანსურ სექტორში ფინანსების, ინვესტიციების, ეკონომიკის, რისკების მართვის ან აქტუარული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 10 წლის პროფესიული გამოცდილება. 

საბჭოს უფლებები და მოვალეობები ასეთია: 

საბჭო შეიმუშავებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს და მასში ცვლილების შეტანის უფლების გარეშე, დასამტკიცებლად წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს; 

საჭიროებისამებრ, პერიოდულად გადასინჯავს და კანონის შესაბამისად განაახლებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, მათ შორის, აქტივების განთავსების სტრატეგიას; 

არანაკლებ კვარტალში ერთხელ ახორციელებს საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის მონიტორინგსა და შეფასებას; 

ახორციელებს საინვესტიციო საქმიანობის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან შესაბამისობის შეფასებას და შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უფროს საინვესტიციო ოფიცერს მოსთხოვს, გონივრულ ვადაში დასამტკიცებლად წარუდგინოს საინვესტიციო პორტფელის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების შესასრულებელი გეგმა; 

საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტის მომზადების მიზნით ამზადებს წინადადებებს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ წლიურ ხარჯებთან, მათ შორის, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის თანამშრომლების რაოდენობასა და სახელფასო ხარჯებთან, მომსახურების გამწევ პირებთან სახელშეკრულებო ურთიერთობით გათვალისწინებულ სხვა გადასახდელებთან, დაკავშირებით და წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს; 

შეარჩევს სპეციალიზებულ დეპოზიტარს (დეპოზიტარებს) და აქტივების მმართველ კომპანიას (კომპანიებს); 

განსაზღვრავს და საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტის მომზადების მიზნით საპენსიო სააგენტოს დირექტორს წარუდგენს წინადადებებს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის შრომის ანაზღაურების ოდენობის შესახებ. 

საპენსიო ფონდში უკვე 113 მილიონი ლარია მობილიზებული, რომელიც საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებამდე ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებშია განთავსებული. სააგენტოში 653 ათასი ინდივიდუალური ანგარიშია გახსნილი და 47 ათას კომპანიას მოიცავს.