მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო რეფორმის გამო GPB-მა, შესაძლოა, თანამშრომლებს დაზღვევა აღარ დაუფინანსოს – კაკაბაძე

5c485f2a7ce2b
BM.GE
23.01.19 16:32
1689
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ნინია კაკაბაძის თქმით, საპენსიო რეფორმის გამო, GPB-მ შესაძლოა, თანამშრომლებს ჯანმრთელობის დაზღვევა აღარ დაუფინანსოს.

როგორც ბორდის წევრი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა თანამშრომლებს განუცხადა, რომ 320 000 ლარი, რომელიც ყოველწლიურად თანამშრომლებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის მინიმალური პაკეტის დაფინანსებისთვის იხარჯებოდა ახლა საპენსიო ფონდში უნდა გადაირიცხოს და დაზღვევისთვის მაუწყებელს თანხა აღარ აქვს:

“აქამდე იყო ასე, მინიმალური პაკეტის ღირებულებას, რაც იყო 20 ლარი, იხდიდა ტელევიზია. ზოგი თანამშრომელი იტოვებდა ამ პაკეტს, ზოგი ამატებდა კიდევ თანხას საკუთრი ხელფასიდან და ჰქონდა ნორმალური დაზღვევა. ახლა ამბობენ, რომ ამ მინიმალურ პაკეტს მაუწყებელი ვეღარ დააფინანსებს და თანამშრომლებს სთავაზობენ თავად დაფარონ დაზღვევის ხარჯები, რაზეც უმეტესობა არ თანხმდება” – ამბობს კაკაბაძე “ნეტგაზეთთან”.

მისი თქმით, სადაზღვეო მომსახურების გაგრძელებისთვის 700 ხელმოწერაა საჭირო. კაკაბაძის განმარტებით, თანამშრომლების ნაწილი აცხადებს, რომ დაზღვევის ხარჯებს თავად დაბალი შემოსავლის გამო ვერ გადაიხდიან, ნაწილი კი მათ სოლიდარობას უცხადებს, ამის გამო ხელმოწერების შეგროვება ვერ ხერხდება:

“პირდაპირ ამბობნ რომ ჩვენ გაგვეზარდა ხარჯები საპენსიო ფონდის გამო. იმიტომ, რომ 320 000 ყოვეწლიურად უნდა ვიხადოთ საპენსიო ფონდში და აღარ რჩება საკმარისი ფინანსები, რომ დაზღვევა ავანაზღაუროთო. აქამდე ეს 20 ლარიანი პაკეტი რომ ჰქონდათ, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი იხდიდა, ზუსტად 320 000 იხარჯებოდა წელიწადში, ახლა კი ეს თანხა მიდის მთლიანად საპენსიო ფონდში.

ამ შემთხვევაში ბორდის პოზიცია ჩემდაგასაკვირად ერთიანია და ყველა ამბობს, რომ თუ მოინდომებ, ამ ფინანსების მოძიება სრულიად შესაძლებელია” – ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი.

ნინია კაკაბაძის თქმით, ამჟამად მაუწყებლის თანამშრომლებს დაზღვევა მარტამდე აქვთ. ამ საკითხზე შეხვედრა მაუწყებლის მენეჯმენტთან დღესაც გაიმართა. როგორც კაკაბაძე ამბობს, დღევანდელ შეხვედრაზე ბორდის წევრები და მენეჯმენტი შეთანხმდნენ, რომ 10 დღის ვადაში მენეჯმენტმა ბორდს საბოლოო პასუხი უნდა უთხრას გროვდება თუ არა საჭირო რაოდენობის ხელმოწერები.

“ნეტგაზეთი” საზოგადოებრივ მაუწყებელის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილი დაუკავშირდა. ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ რადგან მოლაპარაკების პროცესი არ დასრულებულა და პროცესი გრძელდება, მაუწყებლის მენეჯმენტი ამ ეტაპზე ამ საკითხის კომენტირებისგან თავს იკავებს.

წყარო: "ნეტგაზეთი"