მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპარტნიორო ფონდი კასპში მეფრინველეობის ფაბრიკას $1,5 მილიონით დააფინანსებს

5c68ff7dcb3ac
მაია ბიწაძე
17.02.19 12:00
1268
კასპში, სოფელ მეტეხში მეფრინველეობის ფაბრიკის მშენებლობა მიმდინარე წლის გაზაფხულიდან დაიწყება და სექტემბრიდან ბაზარს თვეში 250 ტონა ქათმის ხორცით მოამარაგებს. ამის შესახებ Bm.ge-ის შპს “ჯ.ლ.ს.“-ის დირექტორმა და დამფუძნევბელმა გიორგი ვერულაშვილმა განუცხადა.

როგორც ვერულაშვილი განმარტავს, აღნიშნული ფაბრიკის მშენებლობა ჯერ კიდევ გასულ წელს იგეგმებოდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ საჭირო მოწყობილობების მოწოდება ევროპელმა პარტნიორმა დროულად ვერ მოახერხა, პროცესი დროში გაიწელა.

მისივე თქმით, ფაბრიკაში 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება, საიდანაც 1,5 მილიონს საპარტნიორო ფონდი გამოყოფს.

ფაბრიკაში ბროილერის ჯიშის ქათამს გაზრდიან, რომელსაც ბაზარს როგორც - ნედლი, ასევე გაყინული სახით მიაწვდიან.

როგორც ვერულაშვილი განმარტავს, საქართველოს ბაზარი თვეში 3-4 ათას ტონა ხორცს მოიხმარს; კომპანია თავდაპირველად ბაზრის წილის 6%-8%-ს დაიკავებს.

კომპანია უკვე ფლობს ორ ფერმას, სადაც ერთდღიანი სახორცე ჯიშის წიწილი გამოყავთ და ბაზარს აწვდიან. პროდუქციას საქართველოს გარდა, სომხეთსა და აზერბაიჯანშიც ყიდიან. ამ ბაზრებს კომპანია თვეში 400-500- ათასამდე ერთდღიანი წიწილით ამარაგებს. პროდუქციის 60% ადგილობრივ ბაზარზე, დანარჩენი კი ექსპორტზე იყიდება.

„ჩვენ გვაქვს ორი მეფრინველეობის სანაშენე რეპროდუქტორი, სადაც ერთდღიანი წიწილი გამოგვყავს. ეს ფაბრიკები კასპის რაიონში, სოფელ ნოსტეში და ბარნაბიანთკარშია. ორივე ობიექტის წარმადობა 100%-ით გვაქვს ათვისებული. ჩვენს ახალ ფაბრიკასაც წიწილით აქედან მოვამარაგებთ “ - განაცხადა გიორგი ვერულაშვილმა.

კომპანია ,,ჯ.ლ ს“ ბაზარზე 2008 წლიდან ფუნქციონირებს, ის ქართული ინვესტიციით დაფუძნებული კომპანიაა. ოთხი წლის წინ, ფერმების გაფართოებისთვის 2 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადეს, საიდანაც 600 ათასი დოლარი ,,შეღავათანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში გამოყოფილი თანხა იყო.