მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპარლამენტო უმცირესობა ნავთობპროდუქტებსა და გაზზე აქციზის განახევრებას მოითხოვს

5ba23b914fed2
დავით ჯალაღონია
19.09.18 16:04
952
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრს ზურაბ ჭიაბერაშვილს პარლამენტში რეგისტრირებული აქვს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში მოპოვებულ და იმპორტირებულ ნავთობპროდუქტებსა და გაზზე აქციზის გადასახადის განახევრებას ითვალისწინებს.

როგორც „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, აქციზის გადასახადის შემცირება იმ პროდუქტებსაც გააიაფებს, რაშიც ნავთობპროდუქტები და ბუნებრივი გაზი გამოიყენება.

„მოცემული ნაბიჯი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გაუადვილებს ცხოვრებას, რადგან მათ შეეძლებათ დაზოგილი თანხა სხვა მიმართულებით მიმართონ. კანონის მიღება წაახალისებს საზოგადოებრივ დანაზოგს, გრძელვადიან პერიოდში გაიზრდება ინვესტიციები, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას და კეთილდღეობის გაზრდას ქვეყანაში“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

რაც შეეხება კანონპროექტის სახელმწიფო ბიუჯეტზე გავლენას, ავტორის გათვლებით, საბიუჯეტო შემოსავლები სხვა თანაბარ პირობებში დაახლოებით 310 მილიონი ლარით შემცირდება. 2017 წლის სახელმწიფოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, მოცემული გადასახადებიდან მთლიანმა შემოსავლებმა 514.8 მლნ ლარი შეადგინა.