მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკრებულოს ოპოზიციის ნაწილი თბილისის მერის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

5c4827fc29a80
სალომე მეცხვარიშვილი
23.01.19 12:35
609
თბილისის საკრებულოს ოპოზიციის ნაწილი თბილისის მერის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს.

ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომის პარალელურად საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომელიც მერისგან კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვდა.

ხაბეიშვილის თქმით, პასუხის ნაცვლად ის მერიის სხდომიდან გამოაგდეს.

საქმე ეხება ბაგა-ბაღებში 60 ათასამდე ბავშვის კვების საკითხს. ხაბეიშვილის თქმით, არსებობს თავად მერიის დოკუმენტი, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზას ეყრდნობა და რომელშიც საუბარია, რომ ბაგა-ბაღებში მიწოდებული 4 პროდუქტი არ აკმაყოფილებდა სახელშეკრულებო ვალდებულებებს.

„ჩვენ საჯაროდ მოვთხოვეთ პასუხი იმაზე, რომ 60 ათას ბავშვს უხარისხოდ კვებავს. ამაზე მერიას აქვს პასუხი, რომ თურმე 30 ათასი ლარით დააჯარიმებენ კომპანიას. ეს ხიდის რეაბილიტაცია ხომ არ არის, რომ კომპანია დავაჯარიმოთ და ამით მოვაგვაროთ პრობლემა?

მათივე დადგენილებაში წერია, რომ სამხარაულის ბიუროს დასკვნით, ბაგა-ბაღებისთვის გაწეული კვებითი მომსახურების პროცესში გამოყენებული 4 პროდუქტი: თევზი, ტომატი, ხაჭო და ყველი არ შეესაბამება სახელშეკრულებო ვალდებულებებს და შესაბამისად, მომსახურება ამ პროდუქტებთან მიმართებით გაწეულია არაჯეროვნად.

ეს არის სისხლის სამართლის საქმე და ჩვენ ვამზადებთ სარჩელს მერის წინააღმდეგ, რომელიც 60 ათასი ბავშვის ჯანმრთელობას აყენებს რისკის ქვეშ", -აცხადებს ხაბეიშვილი.