მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგანელიძე TBC-ის საქმეზე: ხაზარაძეს და ჯაფარიძეს კანონის გაყალბება აზრადაც არ მოუვიდოდათ

5c38c8c870e94
თელარა გელანტია
11.01.19 21:00
7315
საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე დარწმუნებულია, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს „კანონის გაყალბებით სიარული, აზრადაც არ მოუვიდოდათ“.

ამის შესახებ საგანელიძემ bm.ge-ის TBC ბანკის ირგვლივ შექმნილი ვითარების და პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების კომენტირებისას განუცხადა.

„მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძის მიმართ იყო რაღაც კითხვები... მე ორივეს ძალიან კარგად ვიცნობ და თავიდან ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რომ არც - ერთს და არც - მეორეს თავში აზრადაც არ მოუვიდოდა, კანონის გაყალბებით სიარული და თანხების გადამალვა თუ რაღაც... ვიცი ამ ადამიანების განვლილი გზა და მათი მოქალაქეობრივი მრწამსი“, - განაცხადა საგანელიძემ, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ თუ რამეა შესასწავლი, პროკურატურამ უნდა შეისწავლოს და ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

„ვინაიდან, კითხვები გაჩნდა, ალბათ პროკურატურას ვიღაცამ არასწორი თუ არაკორექტული ინფორმაცია მიაწოდა, ამიტომ პირიქით, კარგია, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. აქ ადამიანურ ღირსებაზეც არის საუბარი, ასევე იმ სტრუქტურების ღირსებაზე, რომელიც ამ ადამიანებმა შექმნეს და სადაც შრომობენ“, - აღნიშნა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა.

დავით საგანელიძე ფიქრობს, რომ ხელშეუხებელი სტრუქტურა და ადამიანები არ არსებობენ.

„პროკურატურამ ყველა არსებულ კითხვაზე უნდა გასცეს პასუხი და თუ რამეა შესასწავლი, უნდა შეისწავლოს. არ არსებობს არცერთი ბარიერი, არცერთი სტრუქტურა, ეს იქნება კერძო თუ სახელმწიფო, რომელსაც ხელშეუხებლობის მომენტი უნდა ჰქონდეს იმის გამო, რომ მან შეიძლება რამე გამოიწვიოს; არ არსებობს ხელშეუხებელი არც ადამიანები, მაგრამ როცა საუბარი ეხება ისეთ ორგანიზაციას, როგორიც ბანკია, ბანკის მდგრადობა ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ზოგადად, საზოგადოების წევრების, საბანკო სისტემის და ეკონომიკური სიტუაციის მდგრადობაზე, ეს მეტად სენსიტიური თემაა, მაგრამ მეორეს მხრივ, საზოგადოებამაც უნდა გაიგოს, რმ ბანკის საქმიანობა არაა კავშირში რომელიმე პიროვნების - ეს იქნება ბანკის თანამშრომელი თუ გარე პირი, მიმართ დასმულ კითხვებთან. ამდენად, ვფიქრობ, რომ ეს საქმე უნდა იყოს შესაწავლილი და საზოგადოებამ ყველაფერი კარგად გაიგოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ იქ არანაირი პრობლემა არ იქნება და ეს კიდევ უფრო განამტკიცებს ფინანსთა სექტორის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება, TBC ბანკის ირგვლივ შექმნილი ვითარების გავლენას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განხორციელებასთან, დავით საგნელიძე ფიქრობს, რომ მიმდინარე გამოძიება და კითხვები ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ისეთ უმნიშვნელოვანეს პროექტზე, როგორიც ანაკლიის პორტია.

შეგახსენებთ, პროკურატურის ოფიციალური ვერსიით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილში და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M”-მა, ,,თიბისი ბანკი“-სგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც ,,თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს. 2008 წლის ბოლოს, თიბისი ბანკმა, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას.

„საგულისხმოა, რომ „სამგორი თრეიდს“ და შპს „სამგორი M”-ს სესხები ისე ჩამოიწერა, რომ ამ კომპანიებს სესხის მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გაუღიათ და აღნიშნული სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ასევე არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი M” - ს, ვალი.

გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოიკითხნენ ფაქტთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის გამოკითხულია მამუკა ხაზარაძეც. გამოძიების ამ ეტაპზე, შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების სრულყოფილად შესწავლისთვის, აუცილებელია დამატებითი დოკუმენტაციის და ინფორმაციის მოპოვება და შესწავლა, რისთვისაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 4 იანვარს შუამდგომლობებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სს ,,თიბისი ბანკი“-დან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული შუამდგომლობები შესასრულებლად ჩაბარდა სს ,,თიბისი ბანკს“. საქმეზე საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გენერალური პროკურატურა საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების შესახებ", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მიერ ოფიციალური განცახდების გავრცელებამდე, საქმეს თავად „თიბისი ბანკი“ გამოეხმაურა ასევე საჯარო განცხადებით, რომელშიც ნათქვამი იყო, ბანკის მენეჯმენტი კატეგორიულად უარყოფს „ორკესტრირებული შავი პიარის ავტორების მიერ შეთითხნილ ბრალდებებსა და შეგნებულად დამახინჯებულ ფაქტებს“.

რაც შეეხება პროკურატურის მიერ გაკეთებულ კომენტარს დოკუმენტების ამოღებასთან დაკავშირებით, საკითხი ეხება 2008 წლის რიგით, კანონიერ საბანკო ოპერაციას, რომელიც:

· არაერთხელ იქნა სახელმწიფო სტრუქტურების და ეროვნული ბანკის მიერ შესაბამის პერიოდებში შემოწმებული, როგორც მოქმედი ისე წინა ხელისუფლების დროს;
· არაერთხელ იქნა საერთაშორისო აუდიტორების მიერ შემოწმებული და მათი სისწორე დადასტურებული;
· ამასთან, მოცემული ტრანზაქცია ხანდაზმულია.

თიბისი ბანკი ვერ შეეგუება მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ ბერკეტს თიბისი ბანკის, მისი დამფუძნებლებისა და საერთაშორისო აქციონერების კანონიერი ინტერესების დასაცავად", - ნათქვამია განცხადებაში.