მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო ტენდერი დასრულდა - ანაკლიის პორტს ამწეებს Hyundai Samo Heavy Industries მოაწვდის

5c924f4b492ae
თელარა გელანტია
20.03.19 18:29
3514
მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გემთმწარმოებელი კომპანია ანაკლიის პორტის ამწეების პროვაიდერი იქნება.

ხვალ, 21 მარტს 14:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელზეც ხელს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი და Hyundai Samo Heavy Industries - ის ვიცე პრეზიდენტი იუნგ ჰო იო მოაწერენ.

უდიდესი კორეული კომპანია ანაკლიის პორტის თანამედროვე ტიპის ამწეების პროვაიდერად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ საერთაშორისო ტენდერის შედეგად გამოავლინა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის გიგანტური ამწეებს მსოფლიოს ტოპ-ხუთეულში მყოფი გემთმშენებელი კომპანია HSHI დაამონტაჟებს.

ტენდერი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ერთად კონსორციუმის პარტნიორი კომპანიები - საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორი SSA Marine-ი და დეტალური პროექტის ავტორი BergerABAM-ი უძღვებოდნენ.

ტენდერის საბოლოო ეტაპზე ოთხი წამყვანი საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა, მათ შორის ფინეთიდან, კორეიდან, ჩინეთიდან.

Hyundai Samo Heavy Industries მსოფლიოში სიდიდით მეოთხე გემთმშენებელი კომპანიაა, რომელიც წელიწადში დაახლოებით, 40 ხომალდს აგებს. მის პროდუქტებს შორისაა გემები, ტანკერები, საკონტეინერო გემები, მშრალი ნაყარი ტვირთის გადასაზიდი და სხვა ტიპის ხომალდები, ასევე სანავსადგურე სფეროსთან დაკავშირებული სხვა ტექნიკა, მათ შორის, უახლოესი ტექნოლოგიებით აგებული თანამედროვე ტიპის ამწეები. კომპანიის ყოველწლიური ბრუნვა 400 მილიარდ დოლარს შეადგენს.